Facebook Twitter

ა-322-ა-5-2010 21 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ გ. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ძემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ან საჩხერის რაიონული სასამართლოსათვის მისი გაცემის დავალდებულება საქმეზე, რომლითაც სს ,,ჭ-ს” ე. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 34117 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინებით გ.ბ-ძის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს განსახილველად.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებით გ.ბ-ძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გ.ბ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 6 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალდებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით გ. ბ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით გამოუსწორებლობის გამო.

გ.ბ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ.ბ-ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა განმცხადებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო ამავე სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად.

გ. ბ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. მხარის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება ჭიათურის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა ამავე წლის 19 ნოემბერს, რის დასადასტურებლადაც მხარემ წარმოადგინა კონვერტი საფოსტო ბეჭდით, ხოლო ადრესატ გ. ბ-ძეს _ 26 ნოემბერს, ამასთან, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ბოლო დღე _ 26 დეკემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს, განმცხადებელმა საფოსტო განყოფილებას მიმართა ამავე წლის 28 დეკემბერს _ ორშაბათს. ამასთან გ.ბ-ძემ დამატებით წარმოადგინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მიერ 2009 წლის 1 დეკემბერს გაცემული ცნობის ასლი, რომლის თანახმადაც ჭიათურის სოფელ პერევისაში მცხოვრებ ე. ბ-ძეს აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, მუშაობს ჭიათურის ¹1 სამუსიკო სკოლაში მასწავლებლად და არის პენსიონერი. ე. ბ-ძის ოჯახში ცხოვრობს პენსიონერი მეუღლე _ ს. ნ.-ის ძე ბ-ძე და შვილი _ გ. ბ-ძე, რომელიც არის უმუშევარი. წარმოდგენილ მტკიცებულებაში ასევე მითითებულია, რომ ოჯახს აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა შპს “ს-ს” დირექტორის ცნობა, რომლის თანახმადაც გ.ბ-ძე უმუშევარია 2003 წლიდან. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე განმცხადებელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით გ.ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.ბ-ძის მიერ წარმოდგენილი პირის _ ე.ბ-ძის ქონებრივი მდგომარეობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების პირობას არ წარმოადგენდა, კერძოდ, გ.ბ-ძის მიერ წარმოდგენილი ცნობების ასლებით ირკვევა, რომ ე. ბ-ძე არის პენსიონერი, მუშაობს სამუსიკო სკოლაში მასწავლებლად, ამასთან საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება _ საცხოვრებელი სახლი. გ.ბ-ძის მიერ წარმოდგენილ მეორე მტკიცებულებაში _ შპს “ს-ს” ცნობაში კი მითითებულია მხოლოდ გ.ბ-ძის უმუშევრობის თაობაზე და არაა ასახული წარმოდგენილი პირის _ ე.ბ-ძის ქონებრივი მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ-ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ე.ბ-ძის მიერ გ.ბ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულებისა და გ.ბ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო წარმოდგენილ განცხადებას განუხილველად დატოვებდა.

გ. ბ-ძემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით მომართა სასამართლოს განცხადებით, მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელების ნაცვლად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ¹ა-322-ა-5-2010 საქმის გამოთხოვა, მისი ზეპირი მოსმენით განხილვა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლო არასწორად არ იზიარებს გ. ბ-ძის ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, მხარის ბრალის გარეშე დადგენილად არ მიიჩნევს, რომ გ.ბ-ძეს არ გააჩნია შემოსავალი, არის უმუშევარი და არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი ცნობა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. დასახელებულ განცხადებას გ. ბ-ძემ დამატებით დაურთო 2009 წლის 1 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის _ ც.ბ-ძის მიერ გაცემული ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ. ბ-ძის 2010 წლის 5 იავრის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ასევე 2010 წლის 10 მაისის განცხადება ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მხარის განცხადების კანონის იმპერატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელს დაუდგენს ხარვეზს და კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებების თაობაზე რომელთა შესრულება მხარის განცხადების განსახილველად მიღებისათვის სავალდებულოა. მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა ამ განცხადების დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლობის გამო, ხოლო მის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ე.ბ-ძის მიერ გ.ბ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულებისა და გ.ბ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო წარმოდგენილ განცხადებას განუხილველად დატოვებდა.

გ. ბ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის დადგენის თაობაზე საკასაციო სასამართლოს განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, მტკიცებულებათა გამოთხოვა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეთერთმეტე კარით დადგენილი საქმის წარმოების განახლება დასაშვებია სასამართლოს იმ გადაწყვეტილებისა თუ განჩინების მიმართ, რომლითაც საქმეზე გარკვეული შედეგი დადგა, კერძოდ, სამართალწარმოების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს საქმის წარმოების განახლების ამა თუ იმ საფუძვლით მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ უკვე გამოიტანა შემაჯამებელი გადაწყვეტილება (განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, გ.ბ-ძემ 2010 წლის 10 მაისის განცხადებით მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმება, აღნიშნული ტიპის განჩინებაზე (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაზე) საპროცესო კანონმდებლობა დასახელებული კოდექსის მეთერთმეტე კარით გათვალისწინებული განცხადების შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც გ.ბ-ძის 2010 წლის 10 მაისის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება თავად განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს ამავე სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით განემარტა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ მიეთითა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მიერ 2009 წლის 1 დეკემბერს გაცემული ცნობის ასლის თანახმად, გ.ბ-ძის მიერ წარმოდგენილი პირი _ ე. ბ-ძე (მოცემული დავის სუბიექტი) არის პენსიონერი, მუშაობს სამუსიკო სკოლაში მასწავლებლად, ამასთან საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება _ საცხოვრებელი სახლი. სასამართლომ ასევე შეაფასა გ.ბ-ძის მიერ წარმოდგენილი მეორე მტკიცებულება _ შპს “ს-ს” ცნობა სადაც მითითებულია მხოლოდ გ.ბ-ძის უმუშევრობის თაობაზე და არაა ასახული წარმოდგენილი პირის _ ე.ბ-ძის ქონებრივი მდგომარეობა. ამასთან ამავე განჩინებით გ.ბ-ძეს კონკრეტულად განესაზღვრა იმ სავალდებულო საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალი, რაც განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვისაა სავალდებულო.

გ.ბ-ძის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მითითებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, ხოლო ამავე განცხადებაზე დართული 2009 წლის 1 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის _ ც.ბ-ძის მიერ გაცემული ცნობა საკასაციო სასამართლოს ხელახალი მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რადგანაც იგი, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი მტკიცებულება, უკვე შეფასებულია საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინებაში. ამდენად, გ.ბ-ძის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არც ერთ ნაწილში არ გამოუსწორებია, რაც მისი 2010 წლის 5 იანვრის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ძის 2010 წლის 5 იანვრის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ასევე განუხილველად უნდა დარჩეს გ.ბ-ძის 2010 წლის 10 მაისის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 427-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ძის 2010 წლის 5 იანვრის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად ხარვეზის გამოუწორებლობის გამო.

გ. ბ-ძის 2010 წლის 10 მაისის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.