ა-826-ა-6-2010 27 მაისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, თ. თოდრია
განიხილა სს “ბ-ს” (წარმომადგენელი ს. რ-შვილი) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით სს “ბ-ს” (წარმომადგენელი ს. რ-შვილი) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
2010 წლის 14 აპრილს სს “ბ-მ” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისთვის ცნობილი გახდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში გადააგზავნა საფოსტო კონვერტის გარეშე, საკასაციო სასამართლოსათვის უცნობი იყო საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ სს “ბ-ს” მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღად მიიჩნია 2010 წლის 9 მარტი, ის დღე, როდესაც საკასაციო საჩივარი საფოსტო მომსახურების გამწევმა სუბიექტმა _ თNთ-მ შეიტანა სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში, ნაცვლად 2010 წლის 4 მარტისა, როდესაც საკასაციო საჩივარი ჩაბარდა უშუალოდ საფოსტო მომსახურების გამწევს. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვის სს “ბ-ს” მიერ საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის საქმეში არსებობის პირობებში, უზენაესი სასამართლო არ გამოიტანდა განჩინებას მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამასთან, სს “ბ” მითითებულ ქვითარს საკასაციო საჩივარს თან ვერ დაურთავდა, რადგან მას ეს ქვითარი მას შემდეგ მიაწოდეს, რაც საკასაციო საჩივარი ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმეზე წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც სს “ბ-ს” განცხადების დაკმაყოფილებას და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლებას განაპირობებს (ტომი 2, ს.ფ. 103-104, 105).
საკასაციო სასამართლოში განცხადების განხილვისას განმცხადებელმა წარმოადგინა თNთ-ს (საფოსტო ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც სს “ბ-მ” გზავნილი გააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში) დირექტორის ცნობა. აღნიშნული ცნობით ირკვევა, რომ სს “ბ-ს” გზავნილი (¹000003237) სააპელაციო სასამართლოში შპს “სკს-ს” მეშვეობით გაიგზავნა 2009 წლის 4 მარტს, ხოლო ეს გზავნილი სასამართლოს ჩაჰბარდა 9 მარტს (ტომი 2, ს.ფ. 144). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის მიმართვა სს “ბ-ს” წარმომადგენელ ს. რ-შვილისადმი, რომელშიც განმარტებულია, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის მისაღების კორესპონდენციის რეგისტრაციის ჟურნალში 2010 წლის 9 მარტს გატარებულ საკასაციო საჩივარზე ნომრით 2/1974, დანართის სახით მითითებული ასო “კ” ნიშნავს კონვერტს. მიმართვას თან ერთვის კორესპონდეციის რეგისტრაციის აღნიშნული ჟურნალიდან ამონარიდის ასლი (ტომი 2, ს.ფ. 145, 146).
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, განახლდეს საქმეზე წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს “ბ-ს” მიერ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით _ 2009 წლის 4 მარტს, საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში. საკასაციო საჩივარზე არსებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მისაღების შტამპზე იმ გრაფაში, სადაც დაფიქსირებულია ფურცლების რაოდენობა, მითითებულია ასო “კ”,რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ნიშნავს, რომ საჩივარი სასამართლოში შევიდა კონვერტით, ე.ი. ფოსტის მეშვეობით.
ამდენად, სახეზეა საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სს “ბ-ს” განცხადება ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ბ-ს” (წარმომადგენელი ს. რ-შვილი) განცხადება დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.