ა-583-ა-7-2010 5 აპრილი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. დ-იას განცხადების დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ე. დ-იამ მოპასუხე პ. ც-ავას მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ საკუთრებაში აქვს ქ. რუსთავში, ...... ქ. ¹20-4-ში მდებარე ბინა, მის მეზობლად, კერძოდ კი, ...... ქ. ¹14-ში (ბინის ნომერი მოსარჩელისავთვის უცნობია) ცხოვრობს ვინმე პ.ც-ავა, რომელიც 2008 წლის 7 თებერვლიდან დაუფლებულია მის საკუთრებაში არსებულ ბინას _ ნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ქმედებით მას მიადგა 5000 აშშ დოლარის ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის ზიანის _ 5000 აშშ დოლარის დაკისრება.
2008 წლის 3 სექტემბერს წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე პ. ც-ავამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ. რუსთავში, ...... ქ. ¹20-4-ში მდებარე ბინა არის მეგობარ გ. ბ-შვილის მეუღლის – ი. გ-შვილის საკუთრება, რომელსაც იგი ფლობს დროებით, ამასთან დაუსაბუთებელია მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების წარმოშობის საფუძველი და მისი გაანგარიშების წესი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე. დ-იას სარჩელი ი. გ-შვილის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, ქონების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 8 აპრილს ე. დ-იამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით ე. დ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
2009 წლის 26 ივნისს ე. დ-იამ საჩივრით მიმართა სააპელაციო პალატას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად. სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე განცხადება (საჩივარი) შეიტანა ე. დ-იამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ე. დ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.
ე. დ-იამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ე. დ-ია მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მისი ბინიდან გამოსახლება მოხდა არაკანონიერი ზეწოლის შედეგად მოპასუხე ი.გარსევანიშვილის მხრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს გაშვებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინება ე. დ-იას პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 30 სექტემბერს (ს.ფ. 221). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა ამოიწურა 2009 წლის 30 ოქტომბერს, ე. დ-იამ კი სასამართლოს განცხადებით მიმართა 2010 წლის 12 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. დ-იას მოცემულ შემთხვევაში დარღვეული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რაც დაუშვებლობის მოტივით მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. დ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დატოვებულ იქნეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.