Facebook Twitter

ა-903-ა-7-10 23 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბუხუტი და მაია კ-ბის წარმომადგენლის ილია ჭ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მაია კ-ძის და ბუხუტი კ-ძის წარმომადგენლის ილია ჭ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

2010 წლის 16 აპრილს მაია და ბუხუტი კ-ბის წარმომადგენელმა ილია ჭ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების გაუქმება და მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა არ გაუშვია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მას ჩაბარდა 2010 წლის 11 თებერვალს, ხოლო საკასაციო საჩივარი წარადგინა 15 მარტს, გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

საკასაციო პალატა გაეცნო ბუხუტი და მაია კ-ბის წარმომადგენლის ილია ჭ-ას მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადი რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე სწორად იქნა განუხილველად დატოვებული, ვინაიდან საკასაციო საჩივრი შეტანილია ერთ თვიანი ვადის დარღვევით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბუხუტი და მაია კ-ბის წარმომადგენლის ილია ჭ-ას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.