Facebook Twitter

ა-851-ა-9-2010 28 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ დ. ზ-ია, ი. და რ. მ-შვილები

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-შვილი, ე. ჯ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმება, სამკვიდრო მოწმობის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით დ. ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე.ბენდელიანის მიერ 2008 წლის 28 მარტს გაცემული დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, ი. მ-შვილის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს დაევალა სამკვიდრო მოწმობების გაცემა დ. ზ-იას, ი., რ. და გ. მ-შვილების მიმართ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების 1/4-1/4 წილებზე.

2010 წლის 16 აპრილს დ. ზ-იამ, რ. და ი. მ-შვილებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლო სხდომის ჩაწერა ხორციელდებოდა ტექნიკური საშუალებებით, თუმცა მოგვიანებით, როდესაც კასატორმა მოითხოვა სასამართლო სხდომის ოქმისა და შესაბამისი ჩანაწერის ჩაბარება, მას გადაეცა სასამართლო სხდომის მდივნის მიერ წერილობით შესრულებული ოქმი და განემარტა, რომ ჩანაწერი დაზიანდა და სხდომის ჩაწერა ხდებოდა სხდომის მდივნის მიერ ხელნაწერი ოქმის სახით.

აღნიშნული გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან როგორც საქმეში მონაწილე მხარეებმა, ისე სასამართლო სხდომათა დარბაზში დამსწრე კასატორის ოჯახის ახლობლებმა დააფიქსირეს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობას სასამართლო სხდომის მდივანი იწერდა არა ხელით, არამედ სპეციალური ტექნიკური საშუალებით.

სადავო სასამართლო სხდომის ოქმის შინაარსი გაყალბებულია და საქმის განხილვისას მხარეთა მიერ ახსნა-განმარტებებს არ შეიცავს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო კასატორი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი არ არსებობს, რის გამოც მის შინაარსზე კასატორმა შენიშვნები შეგნებულად არ შეიტანა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

2010 წლის 17 მაისს დ. ზ-იამ კვლავ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ განიხილა გ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხე დ. ზ-იას მიმართ ი. მ-შვილის სამკვიდრო ქონებიდან 1/8 წილის გამოყოფის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მაისის განჩინებით გასწორდა ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და მიეთითა, რომ გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა არა მარტო დ.ზ-იას, არამედ ი. და რ. მ-შვილების მიმართაც. იგივე უსწორობა დაფიქსირებული იყო ნოტარიუს ე.ბენდელიანის განმარტებასა და დადგენილებაშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ასევე არასწორადაა დაფიქსირებული გ.მ-შვილის მოთხოვნა _ სადავო სამკვიდროდან 1/8 წილის განსაზღვრა მაშინ, როდესაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის 4 მემკვიდრე. აღნიშნულ უსწორობაზე გ.მ-შვილს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამდენად, სასამართლომ შეგნებულად შეცვალა დავის მხარეები და სასარჩელო მოთხოვნა, რათა დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევსლის შემდეგ დავის განახლების შემთხვევაში გამოყენებული აღარ ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი. აღნიშნული გარემოებები დ.ზ-იამ ჯერ კიდევ საქმის განხილვის დროს შენიშნა, თუმცა შეგნებულად რეაგირება არ მოახდინა და არც საკუთარ ადვოკატს არ გააცნო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დ. ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებასთან მიმართებით ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს ამავე თარიღის სასამართლო სხდომის ოქმის არარსებობის ფაქტს.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმები კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის ასეთ საფუძველს არ შეიცავს, რის გამოც დ.ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუსაბუთებელია.

ასეც რომ არ იყოს, ვერ იქნება გაზიარებული განმცხადებელთა მოსაზრება 2010 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის გაყალბებასა და, შესაბამისად, არარსებობასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი შედგენილია არა ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, არამედ სასამართლო სხდომის მდივნის მიერ წერილობითი სახით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-290-ე მუხლები სასამართლო სხდომის ოქმის შედგენისას ტექნიკურ საშუალებათა სავალდებულო გამოყენებას არ ითვალისწინებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო სხდომის ოქმი შედგენილია და საქმეს ერთვის კანონის მოთხოვნათა დაცვით.

რაც შეეხება მხარის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტზე, დასახელებული ნორმის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს საქმეში სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის არარსებობა. როგორც აღინიშნა, მოცემულ საქმეს სადავო სასამართლო სხდომის ოქმი ერთვის და ზემოხსენებული ნორმა მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.

რაც შეეხება დ.ზ-იას 2010 წლის 17 მაისის განცხადებას, განმცხადებელი უთითებს სამივე ინსტანციის სასამართლოში, მისი მოსაზრებით, საქმის განხილვისას არსებულ დარღვევებს, რაც საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.