№-1111-ა-10-10 13 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ჯ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ვ. ჯ-ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ასევე მითითება იმის თაობაზე, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან გაუქმება და საქმის წარმოების განახლება და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება, თუ როდის გახდა ცნობილი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და დაცულია, თუ არა განცხადების შეტანის ვადა.
2010 წლის 18 ივნისს ვ. ჯ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ვ. ჯ-ძის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით ვ. ჯ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით.
2010 წლის 8 ივლისს ვ. ჯ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ვ. ჯ-ძეს ბაჟის გადახდის მიზნით კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით, ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება განუხილველად იქნებოდა დატოვებული.
2010 წლის 26 ივლისს ვ. ჯ-ძემ უზენაეს სასამართლოს მომართა ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
განცხადების ავტორმა კიდევ ერთხელ მიუთითა განცხადებაში, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, განაცდენი სარგებლის სახით, რის გამოც ის თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.
საკასაციო პალატამ განცხადების ავტორს არაერთხელ განუმარტა და ამჯერად კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნა განაცდენი სარგებლის (ზიანის) ანაზღაურების შესახებ, არ წარმოადგენს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, არამედ იგი შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობის –ვ. ჯ-ძის სასარგებლოდ ტ. ა-თვის დაკისრებული 10000 აშშ დოლარის ყოველთვიურ განაცდენს, რის გამოც პალატა მიჩნევს, რომ მოცემული საქმის დავის საგანი არ იძლევა მხარის მიერ მითითებული გარემოებით ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო პალატამ ვ. ჯ-ძეს რამდენიმეჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, სადაც მითითებულ იქნა, რომ პალატამ არ გაიზიარა განცხადების ავტორის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინება ვ. ჯ-ძეს ჩაბარდა ა/წ 23 ივლისს, შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 26 ივლისს, ხოლო ამ ვადაში განცხადების ავტორის მიერ ხარვეზის შევსება არ მომხდარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ჯ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი