Facebook Twitter

ა-1425-ა-12-2010 19 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ა. ქ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. თ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ა. ქ-იას საკასაციო საჩივარი რ. თ-ძის მიმართ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინებით ა.ქ-იას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ა. ქ-იას ჩაბარდა 2010 წლის 16 მაისს, თუმცა ხარვეზის გამოსწორების მიზნით კასატორმა საკასაციო სასამართლოსათვის გასაგზავნი გზავნილი ქუთაისის საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2010 წლის 22 მაისს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

2010 წლის 22 ივნისს ა. ქ-იამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოება გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ის გარემოება, რომ კასატორ ა. ქ-იას სასამართლო გზავნილი ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინებასთან ერთად ჩაბარდა არა 2010 წლის 16 მაისს, როგორც ეს საკასაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2010 წლის 17 მაისს. შესაბამისად, 2010 წლის 22 მაისს ხარვეზის გამოსწორების მიზნით საფოსტო განყოფილებისათვის მიმართვით მხარეს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი 5-დღიანი ვადა არ დაურღვევია და მისი საკასაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.

განმცხადებელმა აღნიშნულ განცხადებას დაურთო შპს “საქართველოს ფოსტის” ფილიალ “ქუთაისის ფოსტის” უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაცემული ცნობა თანდართული მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი “ფორმა ¹8-ის” ქსეროასლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლო არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების ნამდვილობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ასეთი გარემოების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, კერძოდ:

განმცხადებლის მითითებით, მას საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინება ა. ქ-იას საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა 2010 წლის 17 მაისს, რაც დასტურდება “ს-ის” ფილიალ “ქ-ის” უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მ. ჩ-ძის მიერ 2010 წლის 17 ივნისს გაცემული ¹165 ცნობით და “ფორმა ¹8-ის” ქსეროასლებით. დასახელებული დოკუმენტებით ფიქსირდება, რომ ა. ქ-იას სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2010 წლის 17 მაისს, თუმცა მათი შინაარსიდან არ ირკვევა, თუ რამ (საფოსტო განყოფილების მუშაკის შეცდომამ თუ სხვა გარემოებამ) განაპირობა საკასაციო სასამართლოსათვის გაგზავნილ საფოსტო შეტყობინებაში ა. ქ-იასათვის ამავე სასამართლო გზავნილის ჩაბარებად 2010 წლის 16 მაისის მითითება.

ამდენად, საქმის მასალებში წარმოდგენილია კასატორ ა. ქ-იას მიერ სასამართლო გზავნილის მიღების დამადასტურებელი ერთისა და იმავე ორგანიზაციის გაცემული ორი სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტი, რომელთაგან საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს შპს “ს-ის” მიერ სათანადო ფორმით შესრულებულ და ბეჭდით დამოწმებულ შეტყობინებას საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომელზეც გარკვევითაა აღნიშნული მხარისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღი _ 2010 წლის 16 მაისი. სასამართლო თვლის, რომ დასახელებულ მონაცემთა უზუსტობა მხარეს სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინება კანონიერია და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველზე განმცხადებელს არ მიუთითებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ქ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.