Facebook Twitter

ვ-724-ა-18-2010 19 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ფ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს. ფ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ს. ფ-ძეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. გარდა აღნიშნულისა, ს. ფ-ძეს ასევე დაევალა მითითება იმის თაობაზე, თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა მოხდარიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და იმ დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ როდის გახდა ცნობილი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და დაცული იყო თუ არა განცხადების შეტანის ვადა.

აღნიშნული განჩინების ასლი განცხადების ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 6 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 11 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში ს. ფ-ძის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 425-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ფ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.