Facebook Twitter

ა-1989-ა-20-2010 29 ოქტომბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ ი. კ-ძე (წარმომადგენელი ნ. გ-ძე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინებით ი. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასწორდა დაშვებული უსწორობა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოდ მიეთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად _ 2007 წლის 2 ოქტომბერი, ნაცვლად 2006 წლის 17 ივლისისა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების ბათილად ცნობა და მოცემულ საქმეზე წარმოების განახლება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2010 წლის ივნისის თვეში, როდესაც იგი აპირებდა სასამართლო გადაწყვეტილებით ბინის მასზე მიკუთვნებული წილის საკუთრებაში აღრიცხვას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინებაში აღმოაჩინა ცდომილება. საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით მისი კერძო საჩივრით განსახილველ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება. ასეთი განჩინება საქმეზე რეალურად არ არსებობდა. საქმის მასალებში მოიპოვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინება.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინება არის ყალბი, რამდენადაც დოკუმენტი, რომელსაც იგი დაემყარა საქმის მასალებში არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ძეს დაევალა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით (იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას ბათილად ცნობის საფუძვლით) ან 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა (იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო), ასევე იმ გარემოებების დასაბუთება, რომ განცხადება შემოტანილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინების ჩაბარებიდან ერთთვიან ვადაში.

დადგენილ საპროცესო ვადაში ი. კ-ძემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს, რომელსაც თან დაურთო 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ა”, “დ” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით. რაც შეეხება განცხადების წარდგენის ვადას, იგი მის მიერ დაცულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ვადის დენა უნდა დაიწყოს გორის რაიონული სასამართლოს მიერ ი. კ-ძისათვის 3.08.2010 წლის წერილობითი მიმართვიდან, რომლითაც მას თავისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება არ მოიპოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ი. კ-ძის განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობას, განმცხადებელს გაშვებული აქვს განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

მოცემულ საქმეზე განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მიეთითა არასწორად, კერძოდ, ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა, გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოდ მიეთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად _ 2006 წლის 17 ივლისი, ნაცვლად 2007 წლის 2 ოქტომბრისა.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც ნათლად გამომდინარეობს თავად ამ განჩინების შინაარსიდან და რაზეც ი. კ-ძისათვის დასახელებული განჩინების ასლის ჩაბარებისთანავე გახდებოდა ცნობილი.

საკასაციო სასამართლომ განცხადების ხარვეზის შევსების საკითხის გარკვევისას კიდევ ერთხელ შეამოწმა ი. კ-ძისათვის უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინების ჩაბარების კონკრეტული დროის საკითხი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაცული შესაბამისი შეტყობინების ბარათის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მითითებული განჩინების ასლი განმცხადებელ ი. კ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 7 აპრილს. ამდენად, ი. კ-ძისათვის 2008 წლის 7 აპრილიდან უკვე ცნობილი იყო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინებაში არსებული უსწორობის შესახებ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ განმცხადებელს გაშვებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს გორის რაიონული სასამართლოს წერილობითი მიმართვის შედგენის თარიღს (2010 წლის 3 აგვისტო), რომლითაც ი. კ-ძეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება არ მოიპოვება. კანონმდებელი განცხადების შეტანის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა. ასეთს კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სწორედ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინების ი. კ-ძისათვის ჩაბარებისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. შესაბამისად, სასამართლო განჩინებაში უსწორობის არსებობა შეიძლება გახდეს მასში შესწორების შეტანის და არა საქმეზე წარმოების განახლების საფუძველი. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 425-ე, 426-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ძის (წარმომადგენელი ნ. გ-ძე) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. ი. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 (ასი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.