Facebook Twitter

ვ-697-ა-21-2010 28 დეკემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – სს ,,ს.-ს” დირექტორი მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჩ-შვილი

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და საურავის დარიცხვა

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 23 ივლისს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჩ-შვილმა სს „ს.-ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების 31500 ლარისა და საურავის 7384,65 ლარის დაკისრება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “ს.-ს” გ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 31500 ლარის, საურავის _ 1827 ლარისა და სასამართლო ხარჯების _ 1 647 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.-ს“ დირექტორმა მ. კ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ს.-ს” დირექტორმა მ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათ გადაწყვეტიელბის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 23 ოქტომბერი და სს “ს.-მ” სწორედ 23 ოქტომბერს ანუ ვადაში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით შპს “ს.-ს” დირექტორ მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს “ს.-მ” სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში _ 2009 წლის 23 ოქტომბერს, ვინაიდან საკასაციო პალატის განმარტებით, შპს “ს.-მ” ვერ დაადასტურა სათანადო დოკუმენტის წარმოდგენით სააპელაციო საჩივრის დროულად ჩაბარება ფოსტაში, კერძოდ ის, რომ მათ ფოსტის მეშვეობით გააგზავნეს სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 23 ოქტომბერს.

2010 წლის 19 ივლისს შპს ,,ს.-ს” დირექტორმა მ. კ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებლის განმარტებით, იგი საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ ისეთ განჩინებას ასაჩივრებს, რომელიც მართალია არ საჩივრდება, თუმცა იმის გამო, რომ არ დაირღვეს მისი კანონით გათვალისწინებული უფლებები, იგი ხელმეორედ დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს (საფოსტო ქვითარს), რომლითაც დასტურდება, რომ სს “ს.-მ” ნამდვილად კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და აღნიშნული სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მხედველობაში რომ მიეღო, მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ გამოვიდოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს “ს.-ს” დირექტორ მ. კ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილევლად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.

განსახილველ შემთხვევაში, სს “ს.-ს” დირექტორი მ. კ-ძე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, განხილულ იქნა მხოლოდ განმცხადებლის კერძო საჩივარი, რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საგანი ვერ გახდება. ამდენად, სს “ს.-ს” დირექტორ მ. კ-ძეს, საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული განცხადება, განსჯადობის წესის დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა წარედგინა განსჯადი სასამართლოსათვის, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს მის მიერ მანამდე წარმოებაში მიღებული განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ვინაიდან განუხილველად დატოვების საფუძველი გამოვლინდა მას შემდეგ, რაც განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.

ამდენად, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, სს “ს.-ს” დირექტორ მ. კ-ძის განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ს.-ს” დირექტორ მ. კ-ძის განცხადება დარჩეს განუხილველად;

სს “ს.-ს” დაუბრუნდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.