ა-2555-ა-23-2010 6 დეკემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ნ. ა-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. შ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. შ-ძის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლით: ხულოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ი. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ მოსარჩელისათვის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი, რადგან მიიღო მარჯვენა პირველი თითის ფალანგის მოტეხილობა, რომელიც გაგრძელდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და რამაც ხელი შეუშალა ორივე ხელით ფიზიკურ შრომაში. მორალურ ზიანთან დაკავშირებით, მოპასუხის ბრალი ჩადენილ ქმედებაში დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სასამართლო განაჩენით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. შ-ძეს ნ. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 267 ლარისა და 20 თეთრის გადახდა. ნ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის ი. შ-ძის წარმომადგენლის ე. ა-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილად ცნო, რომ 2010 წლის 26 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ტელეფონის მეშვეობით. აღნიშნულ დღეს აპელანტის მიერ რაიმე წერილობითი მტკიცებულება ან სატელეფონო შეტყობინება არ შემოსულა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით, ასევე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა არც გამოცხადებული მიწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს არასაპატიოდ.
სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ა-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით ნ. ა-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დააღღვია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული - 12 დღიანი ვადა.
2010 წლის 25 ოტომბერს ნ. ა-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მას კერძო საჩივრის შეტანის 12 - დღიანი ვადა არ დაურღვევია. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა არა 2010 წლის 13 მაისს, არამედ, 2010 წლის 26 მაისს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული განჩინება სოფელში ჩაჰბარდა სხვა ნ. ა-ძეს, განჩინების შესახებ კი მისთვის 13 დღის შემდეგ - 2010 წლის 25 სექტემბერს გახდა ცნობილი. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის წარდგენის დროს უცნობი იყო საკასაციო სასამართლოსთვის და, შესაბამისად, ეს გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ წარედგინა საკასაციო სასამართლოში, გამოიწვევდა განმცხადებლისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას – კერძო საჩივრის განხილვას.
განმცხადებელმა აღნიშნულ განცხადებას დაურთო ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებ ა-ძეებისა და შპს “ს.-ს” კურიერის -რ. ა-ძის ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლო არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების ნამდვილობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ასეთი გარემოების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადრესატს – ნ. ა-ძეს სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2010 წლის 13 მაისს (ს.ფ.141).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებელ ნ. ა-ძის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინება ჩაჰბარდა არა 2010 წლის 13 მაისს, არამედ 2010 წლის 26 მაისს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტით დადასტურებულია ადრესატ ნ.ა-ძისათვის გზავნილის ჩაბარების დრო. რაც შეეხება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას - კურიერის ახსნა-განმარტებას, აღნიშნული ვერ გააბათილებს საქმეში წარმოდგენილ ოფიციალურ დოკუმენტს - შპს “ს.-ს” შეტყობინების ბარათს გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომელზეც გარკვევითაა აღნიშნული მხარისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღი _ 2010 წლის 13 მაისი. ამასთან, სამეწარმეო იურიდიული პირის “შპს ს.”-ს თანამშრომლის მიერ თავისი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულება ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ სმართლბრივ შედეგებს იწვევს და იგი გავლენას ვერ მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინება კანონიერია და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველზე განმცხადებელს არ მიუთითებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.