¹ა-2528-ა-24-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა.» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ა.-ს» მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2008 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე და შპს «ა.-ს» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 31886,38 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
2010 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლომ განმცხადებლის საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 2010 წლის 23 ივლისს, ხოლო საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა ამავე წლის 24 აგვისტოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი კორესპოდენციების ¹116 რეესტრით დასტურდება, რომ მხარემ საკასაციო საჩივარი გააგზავნა 2010 წლის 19 აგვისტოს. საქმის განხილვისას აღნიშნული გარემოების შეტყობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ დატოვებდა განუხილველად სადავო საკასაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ საფუძვლებს.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლო არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების ნამდვილობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ასეთი გარემოების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, კერძოდ:
მოცემული საქმის მასალებით ირკვევა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 2010 წლის 23 ივლისს, ამდენად, მას საკასაციო საჩივარი უნდა წარედგინა 2010 წლის 24 აგვისტომდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 24 აგვისტოს. ამასთან, საკასაციო საჩივარს ერთვის კონვერტი, რომელზეც საფოსტო განყოფილების ბეჭედი, ნომერი ან სხვა რაიმე აუცილებელი რეკვიზიტი არ ფიქსირდება.
ამდენად, აღნიშნული კონვერტი არ აძლევს სასამართლოს საშუალებას დაასკვნას, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატას გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ მიიჩნევს განმცხადებლის მიერ მითითებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კორესპოდენციის ¹116 რეესტრის მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა გზავნილებთან ერთად 2010 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ი.ადეიშვილის სახელზე უნდა გაეგზავნა ¹08-01/12531 და 08-01/12530 გზავნილები. მართალია, აღნიშნული ნომრები დაფიქსირებული იყო საკასაციო საჩივარზე დართულ ზემოხსენებულ კონვერტზეც, თუმცა მითითებული გარემოება არ ადასტურებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სადავო გზავნილი 2010 წლის 19 აგვისტოს ფოსტით გაგზავნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით ვერ დაასაბუთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის ფაქტი, რის გამოც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.