Facebook Twitter

ა-2788-ა-27-2010 07 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ც. მ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჭ-შვილი, დ. გ-შვილი

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-შვილის და დ. გ-შვილის სარჩელი ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ჭ-შვილმა და დ. გ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ჭ-შვილის და დ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ჭ-შვილის და დ. გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. მ-იანს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა მათ მიერ ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-იანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ც. მ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2010 წლის 16 ნოემბერს ც. მ-იანმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანას წინ უსწრებდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, რომელიც მას ჩაბარდა 2010 წლის 15 ივნისს, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს თხოვნით ორ დღეში უკანვე დააბრუნა. განმცხადებელმა წარმოადგინა რა 2010 წლის 18 მაისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების ასლი, აღნიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება სასამართლოს მისთვის რომ დაებრუნებინა ან 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაში მიეთითებინა მასზე ან გამოეტანა განჩინება მისი გაუქმების შესახებ, მაშინ მას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ უფრო დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარედგინა. განმცხადებლის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და დამატებით მტკიცებულებას, რის გამოც იგი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ც. მ-იანის განცხადების დასაშვებობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ც. მ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2010 წლის 16 ნოემბერს ც. მ-იანმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების ასლი და განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და დამატებით მტკიცებულებას, რის გამოც მოითხოვს სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ც. მ-იანის საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2010 წლის 1 ნოემბერს, ახალი (დამატებითი) მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ განცხადებით კი კასატორმა სასამართლოს მომართა 2010 წლის 16 ნოემბერს, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ წარმოდგენილი განცხადება მიჩნეული იქნება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებად, იგი ასევე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშეE არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ მხარემ შეიტყო ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და თანაც ისეთ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა შესაბამისი საჩივრით მიემართა პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობა, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

მოცემულ შემთხვევაში, ც. მ-იანი განცხადებაში უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, რომელსაც ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს, მას ჩაბარდა 2010 წლის 15 ივნისს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ც.მ-იანმა ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეიტყო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის შესახებ, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე მან დაგვიანებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რის გამოც მისი განცხადება დაუშვებელია და არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. მ-იანის განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.