¹ა-2885-ა-28-2010 4 იანვარი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვ. როინიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძეს, ხარვეზის შევსების მიზნით, 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება მხარეს 2010 წლის 14 დეკემბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა იმავე წლის 21 დეკემბერს ამოიწურა.
განჩინების პასუხად, მ. მ-ძემ საკასაციო პალატას განცხადებით მომართა და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება აღარ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო.
რაც შეეხება მ. მ-ძის მტკიცებას, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აღნიშნულის თაობაზე საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, რაიმე ახალ საფუძველს კი მხარე არ მიუთითებს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის განცხადება დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.