Facebook Twitter

ა-21-ა-1-2011 21 თებერვალი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. ღ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

A ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-შვილის სარჩელი მოპასუხე შპს “...” მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას, იძულებით განაცდური ხელფასისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 14 მაისს მ. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ღ-შვილის ზემოაღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, მ. ღ-შვილის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად, საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განჩინება უცვლელად დატოვა.

მოგვიანებით, მ. ღ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ღ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ამის შემდგომ, მ. ღ-შვილმა საქმის წარმოების განახლების შესახებ არაერთი განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

ბოლოს, 2010 წლის 24 მაისის განცხადებით მ. ღ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით მ. -შვილის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებელს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ღ-შვილის განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მ. ღ-შვილმა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 5 იანვარს მ. ღ-შვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. ღ-შვილს 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და საკუთარი მოთხოვნის დაზუსტება დაევალა.

აღნიშნული განჩინების პასუხად, მ. ღ-შვილმა 2011 წლის 17 თებერვალს განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მოთხოვნა დააზუსტა და მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვს. განმცხადებელს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. ღ-შვილს 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და საკუთარი მოთხოვნის დაზუსტება დაევალა.

აღნიშნული განჩინების პასუხად, მ. ღ-შვილმა 2011 წლის 17 თებერვალს განცხადება წარმოადგინა, სადაც მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კი არ წარმოუდგენია

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ხარვეზის განჩინება მ. ღ-შვილს 2011 წლის 12 თებერვალს ჩაჰბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 2011 წლის 17 თებერვალს ამოიწურა. მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც, მ. ღ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 427-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ღ-შვილის განცხადება დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.