ა-647-ა-3-2011 24 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ... სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ... სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ა-ის» მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა საქართველოს ... სამინისტროს მიმართ 2008 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე და შპს «ა-ს» საქართველოს ... სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 31886,38 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ... სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ... სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
2010 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ... სამინისტრომ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლომ განმცხადებლის საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება საქართველოს ... სამინისტროს ჩაბარდა 2010 წლის 23 ივლისს, ხოლო საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა ამავე წლის 24 აგვისტოს.
საქართველოს ... სამინისტროს წერილობითი კორესპოდენციების ¹... რეესტრით დასტურდება, რომ მხარემ საკასაციო საჩივარი გააგზავნა 2010 წლის 19 აგვისტოს. საქმის განხილვისას აღნიშნული გარემოების შეტყობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ დატოვებდა განუხილველად სადავო საკასაციო საჩივარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგანაც პალატამ განმცხადებლის მიერ მითითებულ საფუძვლად _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნია განმცხადებლის მიერ მითითებული საქართველოს ... სამინისტროს კორესპოდენციის ¹... რეესტრის მონაცემები, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს ... სამინისტროს სხვა გზავნილებთან ერთად 2010 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ი. ა-შვილის სახელზე უნდა გაეგზავნა ¹08-01/12531 და 08-01/12530 გზავნილები. მართალია, აღნიშნული ნომრები დაფიქსირებული იყო საკასაციო საჩივარზე დართულ ზემოხსენებულ კონვერტზეც, თუმცა მითითებული გარემოება არ ადასტურებს საქართველოს ... სამინისტროს მიერ სადავო გზავნილის 2010 წლის 19 აგვისტოს ფოსტით გაგზავნის ფაქტს.
პალატის მითითებით, საქართველოს ... სამინისტრომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით ვერ დაასაბუთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის ფაქტი, რის გამოც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობდა.
2011 წლის 10 მარტს საქართველოს ... სამინისტროს წარმომადგენელმა რ. კ-იამ განმეორებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოდგინა შპს «თ-ს» დირექტორ ნ. მ-შვილის წერილობითი მიმართვა, რომლის თანახმადაც საქართველოს ... სამინისტროს მიერ შპს «ს-ს» საშუალებით 2010 წლის 19 აგვისტოს (რეესტრი ¹...) გაგზავნილი წერილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ი. ა-შვილის სახელზე, სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2010 წლის 24 აგვისტოს. აღნიშნულ მომართვას ასევე ერთვის შპს «ს-ს» საფოსტო გზავნილის ჩაბარების ასლი და წერილობითი კორესპოდენციის ჩაბარების რეესტრი ¹....
წარმოდგენილი განცხადებით საქართველოს ... სამინისტრომ მიუთითა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და განმარტა, რომ არ არსებობდა საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა, ამასთან 2010 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ... სამინისტროდან გაიგზავნა ორი კორესპოდენცია: ¹08-01/12531 საკასაციო საჩივარი და ¹08-01/12530 წერილი. აღნიშნული კორესპოდენციები გაგზავნილია ერთი და იმავე კონვერტით და საფოსტო შეტყობინება გზავნილის ჩაბარების თაობაზე დაბრუნდა მხოლოდ ერთი.
განმცხადებლმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის სასამართლოსათვის დროულად შეტყობის შემთხვევაში საკასაციო პალატა საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარს განუხილველად არ დატოვებდა, ასევე მიუთითა განსჯადობის წესსა და განცხადების შეტანის ერთთვიან ვადაზე და მოითხოვა, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით გათვალისწინებული წარმოებისას, სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას თავისი ინიციატივითვე ამოწმებს განცხადების დასაშვებობის პროცესუალური საფუძვლების ნამდვილობას, კერძოდ, სასამართლო აფასებს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები შეესაბამება თუ არა LII თავით გათვალისწინებულ წინაპირობებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, იგი განცხადებას დაუშვებლად ცნობს, ხოლო მისი დასაჩვებად ცნობის თუნდაც ფორმალური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დანიშნავს დროს საქმის განხილვისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
2011 წლის 10 მარტს საქართველოს ... სამინისტრომ განცხადებით მომართა სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განცხადების მართებულობის დასაბუთების მიზნით საქართველოს ... სამინისტრომ წარმოადგინა შპს «თ-ს» დირექტორ ნ. მ-შვილის წერილობითი მიმართვა, რომლის თანახმადაც საქართველოს ... სამინისტროს მიერ შპს «ს-ს» საშუალებით 2010 წლის 19 აგვისტოს (რეესტრი ¹...) გაგზავნილი წერილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ი. ა-შვილის სახელზე, სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2010 წლის 24 აგვისტოს. აღნიშნულ მომართვას ასევე დაერთო შპს «ს-ს» საფოსტო გზავნილის ჩაბარების ასლი და წერილობითი კორესპოდენციის ჩაბარების რეესტრი ¹....
წარმოდგენილი განცხადებით, საქართველოს ... სამინისტრომ მიუთითა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და განმარტა, რომ არ არსებობდა საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა, ამასთან, 2010 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ... სამინისტროდან გაიგზავნა ორი კორესპოდენცია: ¹08-01/12531 საკსაციო საჩივარი და ¹08-01/12530 წერილი. აღნიშნული კორესპოდენციები გაგზავნილია ერთი და იმავე კონვერტით და საფოსტო შეტყობინება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების თაობაზე დაბრუნდა მხოლოდ ერთი.
საკასაციო სასამართლო დასახელებული განცხადების ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობა, რადგანაც სწორედ აღნიშნული საფუძვლითა და აღნიშნული მტკიცებულებებით საქართველოს ... სამინისტრომ ჯერ კიდევ 2010 წლის 22 ოქტომბერს მომართა სასამართლოს, რაც ამავე სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. პალატამ განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი _ საქართველოს ... სამინისტროს კორესპოდენციის ¹... რეესტრის მონაცემები ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნია, ვინაიდან ისინი არ ადასტურებდნენ საქართველოს ... სამინისტროს მიერ სადავო გზავნილის 2010 წლის 19 აგვისტოს ფოსტით გაგზავნის ფაქტს.
ამდენად, განცხადებაში ახლად აღმოჩენილად მითითებული გარემოება ერთხელ უკვე ნამსჯელი და შეფასებულია სასამართლოს მიერ და იგი განმეორებით სასამართლოს შეფასების ობიექტი ვეღარ გახდება, რაც გამორიცხავს განცხადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილ ვადაში შეტანის ფაქტს.
რაც შეეხება საქართველოს ... სამინისტროს წარმომადგენელ რ. კ-იას მითითებას, რომ განცხადების შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 თებერვალს, შპს «ს-ს» დირექტორ ნ. მ-შვილის განცხადების საქართველოს ... სამინისტროსათვის ჩაბარების დღიდან, პალატა ვერც მითითებულ გარემოებას მიიჩნევს განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობად, რადგანაც აღნიშნული დოკუმენტი სწორედ საკასაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით შეფასებულ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებასა და წერილობითი კორესპოდენციის ¹... რეესტრს ემყარება და ასახავს სასამართლოს მიერ შეფასებულ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ... სამინისტროს 2011 წლის 10 მარტის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მულით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:L
საქართველოს ... სამინისტროს 2011 წლის 10 მარტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ცნობილ იქნას დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.