ა-10-ა-2-2011 4 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ე. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ე. ბ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განმცხადებლის მიერ გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე.ბ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 1 ნოემბერს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ე.ბ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ე. ბ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
ე. ბ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოცემულ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2011 წლის 17 თებერვალს პირადად ჩაბარდა ადრესატს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადენილ ვადაში განმცხადებელს მისთვის დსაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. ბ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მხარის განცხადების კანონის იმპერატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელს დაუდგენს ხარვეზს და კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებების თაობაზე რომელთა შესრულება მხარის განცხადების განსახილველად მიღებისათვის სავალდებულოა. სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის საფუძველზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა ამ განცხადების დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, ე.ბ-ძის განცხადებას, რომლითაც იგი მოითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა და ჩაბარდა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე 2011 წლის 17 თებერვალს (ტ.III, ს.ფ. 119).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა ადრესატს, აღნიშნული გარემოება საპროცესო ვადის დენის დაწყებისათვის საკმარისი საფუძველია.
სასამართლოს მიერ მხარისათვის განსაზღვრული ხუთდღიანი საპროცესო ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მეორე ნაწილის თანახმად, დაიწყო 2011 წლის 18 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 22 თებერვალს. ამ ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 427-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.