ა-746-ა-4-2011 25 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ-ი”
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაცემის ადმინისტრაციის ბრალით დაყოვნება, შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზთან დაკავშირებული სათანადო ჩანაწერის შეუსრულებლობისათვის კომპესაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.ღ-შვილის განცხადება საქმის განხილვიდან მოსამართლე მ. ბ-ძის ჩამოცილების შესახებ, ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით კი, ა.ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის ა.ღ-შვილმა განჩინებებზე შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებებზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებისა და მისი წინმსწრები ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადგენილა სარჩელის საფუძვლები, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნება და მასში სათანადო ჩანაწერის შეუსრულებლობა. მოპასუხისაგან არ გამოთხოვილა სათანადო წერილობითი მტკიცებულებანი. აღნიშნულ მტკიცებულებათა სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში იგი ა. ღ-შვილისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებას მიღებას გამოიწვევდა.
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შესავალ ნაწილში არასწორად მიეთითა ა.ღ-შვილის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღნიშნულ საქმეზე ა.ღ-შვილის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.
ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ა. ღ-შვილმა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, კერძოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მისი სარჩელი სს “თ-ის” მიმართ. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელე განუწყვეტლივ მიმართავდა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ა.ღ-შვილმა დღემდე არა ერთი განცხადება შეიტანა მოცემული საქმის წარმოების განახლების შესახებ. სასამართლოს მიერ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მისი განცხადებების განუხილველად დატოვების შემდეგ მხარემ შეიტანა კერძო საჩივრები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის თაობაზე სასამართლო განჩინებებს ა.ღ-შვილი კვლავ ასაჩივრებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების შეტანის გზით.
განსახილველი განცხადებაც ეხება სწორედ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებას, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებებზე.
ა. ღ-შვილის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია მისი მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ამასთან, სასამართლოსათვის მიმართული მისი განცხადებები შინაარსობრივად ერთგვაროვანია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულებისა და მით უმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.
რაც შეეხება განსახილველ განცხადებას, პალატა, ისევე როგორც არაერთხელ, ამ შემთხვევაშიც განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი აკრიტიკებს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებას და უკმაყოფილებას გამოთქვამს მის დასაბუთებასთან დაკავშირებით. ასევე მოითხოვს მისი წინმსწრები ყველა გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ თავის დროს დავის არსებითად გადაწყვეტისას სასამართლომ არასათანადოდ განიხილა საქმე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმები კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების ასეთ საფუძველს არ შეიცავს, რის გამოც ა.ღ-შვილის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე ისევე, როგორც უკვე განხილული წინა შემთხვევები, დაფუძნებულია მის სუბიექტურ შეხედულებებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების თაობაზე და არ გამომდინარეობს საპროცესო სამართლებრივი შეფასებებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა. ღ-შვილი აწარმოებს არა ერთ დავას სასამართლოში, სადაც ანალოგიურად მიმართავს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია ა. ღ-შვილის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ ა. ღ-შვილის მიერ სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, მე-2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
ა. ღ-შვილის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-შვილის სარჩელის გამო სს “თ-ის” მიმართ სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაცემის ადმინისტრაციის ბრალით დაყოვნებისა და შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზთან დაკავშირებული სათანადო ჩანაწერის შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ დარჩეს რეაგირების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.