ბს-1243-818(კ-05) 4 ივლისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ქმედების არამართლზომიერად ცნობა, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, საქონლის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 2 აგვისტოს ი/მ «გ. ჯ-მა» სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ფოთის საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების, ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-სა და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2003წ. 6 აგვისტოს ¹22-864/03-01 ადმინისტრაციული აქტის, ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის _ ო. ჭ-ას მიერ 2003წ. 27 ივნისს გაცემული დასკვნის ბათილად ცნობა, ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას ქმედებების არამართლზომიერად ცნობა და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს დავალდებულება ი/მ «გ. ჯ-ის» კუთვნილი საქონლის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლით:
2003წ. 25 ივნისს ი/მ «გ. ჯ-მა» შპს «მ-გან» შეიძინა სხვადასხვა დასახელების ჰიგიენური საშუალებები. აღნიშნული საქონლის ნაწილი ი/მ «გ. ჯ-ის» მიერ რეალიზებულ იქნა ქ. სენაკში, ხოლო ნაწილის რეალიზაცია უნდა მოეხდინა ქ. ფოთში. იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ფოთის განყოფილების თანამშრომელმა ი. ფ-ამ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გააჩერა შპს «მ-ას» კუთვნილი ავტომანქანა, ი/მ «გ. ჯ-ის» ნდობით აღჭურვილ პირს _ რ. კ-ს გამოართვა საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ჩამოართვა ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განთავსებულ იქნა ტერმინალ «ი-ის» ტერიტორიაზე. ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის _ ო. ნ-ას მიერ 2003წ. 27 ივნისს შედგენილი დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ ი/მ «გ. ჯ-ის» ნდობით აღჭურვილი პირი ჰიგიენური საშუალებების ტრანსპორტირებას ახდენდა მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გ. ჯ-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ფინანსური სანქციის სახით, დაეკისრა ჯარიმის გადახდა 6270,7 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასკვნა გ. ჯ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროში, რაც არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2003წ. 6 აგვისტოს ¹22-864/03-01 გადაწყვეტილებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლითაც სასაქონლო ზედნადები ¹341710 მიჩნეულ იქნა შემოსავლების მინისტრის ¹362 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით შედგენილად, არასწორია, რადგან ზედნადები შედგენილ იქნა შემოსავლების მინისტრის ¹362 ბრძანების მე-6, მე-8 და მე-13 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასაქონლო ზედნადებში გ. ჯ-ის ნდობით აღჭურვილი პირის რეკვიზიტების არასრულყოფილად ასახვის პირობებშიც კი, აღნიშნული არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ტრანსპორტირება, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი ზედნადების საფუძველზე განხორციელებულად ჩაითვალოს, რადგან საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 ნაწილი სანქციას (ჯარიმას) უშუალოდ უკავშირებს სასაქონლო ზედნადების ფაქტობრივ არარსებობას და არა ზედნადების არასწორ ან არასრულყოფილ შევსებას, იმის გათვალისწინებით, რომ სასაქონლო ზედნადები ადასტურებს სამეურნეო ოპერაციის _ ორმხრივი გარიგების არსებობას, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობა არასრულყოფილად შევსებული ზედნადების ბათილად მიჩნევას არ ითვალისწინებს.
მოსარჩელის მითითებით, ი/მ «გ. ჯ-ის» ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა არაუფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ – ფინანსთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რითაც დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რადგან საგანგებო ლეგიონის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ საგანგებო ლეგიონს ან ფინანსთა სამინისტროს. გ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი კი განიხილა ფინანსთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რითაც ამ უკანასკნელმა დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-80 მუხლის მოთხოვნები და ადმინისტრაციული საჩივარი არ გადაუგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. გარდა აღნიშნულისა, გენერალური ინსპექციის გასაჩივრებული ¹22-864/03-01 გადაწყვეტილება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 198-ე და 110-ე მუხლების პირველი ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ინსპექციამ არ იმსჯელა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნაზე, მოპასუხე ი. ფ-ას ქმედებების არამართლზომიერად ცნობის შესახებ და არ გამოიკვლია აღნიშნული პირის ქმედების მართლზომიერების საფუძველი; გენერალურმა ინსპექციამ არ უზრუნველყო გ. ჯ-ის ჩართვა ადმინისტრაციულ პროცესში და მას მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გახსნის შესახებ აცნობა; ამასთან, გენერალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის დროს არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავის ნორმები, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევად.
ი/მ «გ. ჯ-ის» სარჩელი არ ცნო მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაუსაბუთებლობის, ხოლო გენერალური ინსპექციის წერილის ბათილად ცნობის ნაწილში _ დაუშვებლობის გამო.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, გენერალური ინსპექციის გასაჩივრებული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან მას არ გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა, არ მოჰყოლია არავითარი იურიდიული შედეგი და მასში გამოთქმულია მხოლოდ მოსაზრება სასაქონლო ზედნადების შევსების შესახებ.
შესაგებლის ავტორმა არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის II ნაწილის დარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვით გენერალური ინსპექცია არ გამხდარა ადმინისტრაციული აქტის განმხილველი ორგანო, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია უფლებამოსილება, თავისი ფუნქციები გადასცეს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს. უფლებამოსილების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, გენერალურ ინსპექციას კი დებულებით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციები არ გააჩნია. გენერალურ ინსპექციას დაევალა მისი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო რეაგირების მოხდენა და არასავალდებულო ხასიათის, თავისი მოსაზრებების დაწერა იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა კანონი სამინისტროს სისტემის საჯარო მოხელეთა მიერ. შესაბამისად, გენერალური ინსპექცია ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა საჩივართან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულით დაირღვეოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნები.
ასევე არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-80 მუხლის მოთხოვნები, რადგან გენერალურ ინსპექციას არ დაუწყია საჩივრის განხილვა, მან მხოლოდ განახორციელა სამინისტროსა და ინსპექციის დებულებებით გათვალისწინებული ფუნქცია და თავისი მოსაზრებები გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს, რომელთა გათვალისწინება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილება დამოკიდებული იყო მხოლოდ ფინანსთა სამინისტროზე. გენერალურმა ინსპექციამ თავის მოსაზრებაში მიუთითა, რომ ზედნადების შევსებისას დარღვეულია შემოსავლების მინისტრის ¹362 ბრძანების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი, რადგან ზედნადებში არ არის მითითებული ნდობით აღჭურვილი პირის მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი, რაც დასტურდება ¹341710 სასაქონლო ზედნადებით. ამდენად, ინსპექციის მოსაზრებაში აღნიშნულია მხოლოდ იმის თაობაზე, რომ ზედნადები შევსებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მასში არ არის მითითებული საჩივრის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
შესაგებლის ავტორმა გენერალური ინსპექციის წერილის არაკანონიერად ცნობის ნაწილში სარჩელი მიიჩნია დაუშვებლად სსკ-ის 186-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადგან მითითებული მოთხოვნა არ არის უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე, ამასთან, წერილის ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევის პირობებშიც კი, მოსარჩელეს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მისდგომია, ხოლო მისი ინტერესების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტით და არა ინსპექციის გადაწყვეტილებით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხნენ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების თანამშრომელი ი. ფ-ა, ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველო და მოპასუხედ ჩართულ იქნა ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიოული სასამართლოს 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ «გ. ჯ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლის გამოწერისა და შევსების წესი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. 9 ოქტომბრის ¹362 ბრძანებით, ხოლო აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ფორმის დაუცველად ზედნადების შევსება და გამოწერა, საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, ითვლება ზედნადების გარეშე წარმოებულ ოპერაციად, რაც აღინიშნა საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას მიერ 2003წ. 25 ივლისს შედგენილ ოქმში.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ი. ფ-ას ქმედების კანონშეუსაბამობის შესახებ და აღნიშნა, რომ ი. ფ-ა, როგორც ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის _ საგანგებო ლეგიონის თანამშრომელი, მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც მის მიერ ავტომანქანის გაჩერება და ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შემოწმება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონშეუსაბამო მოქმედებად.
რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2003წ. 6 აგვისტოს ¹22-854/03-01 წერილი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რადგან მას მოსარჩელის საზიანო სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია.
რაიონული სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგანგებო ლეგიონის თანამშრომლის _ ი. ფ-ას 2003წ. 25 ივნისის ოქმი და საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის _ ო. ნ-ას მიერ 2003წ. 27 ივნისს შედგენილი დასკვნა არ ყოფილა შედგენილი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და შეუძლებელია გენერალური ინსპექციის გასაჩივრებულ წერილს მითითებული აქტებისათვის რაიმე იურიდიული ძალა მიენიჭებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა გარემოებები, რაზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «გ. ჯ-მა» და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტმა მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 ნაწილი, კერძოდ, აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სანქციის _ ჯარიმის დაწესება დაკავშირებულია სასაქონლო ზედნადების ფაქტობრივ არარსებობასთან, ამასთან, საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების გაუქმების საფუძველს.
რაიონულმა სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან სასაქონლო ზედნადები ¹341710 გამოწერილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან, ტვირთის დაკავებისას აღწერილი საქონელი და ი/მ «გ. ჯ-ის» მიერ რეალიზებული საქონლის რაოდენობა ემთხვევა ერთმანეთს, ნდობით აღჭურვილი პირის მინდობილობის ნომერი და თარიღი კი იმ შემთხვევაში მითითება სასაქონლო ზედნადებში, თუ საქონლის ტრანსპორტირება ხდება მიმღების გარეშე, კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქონლის ტრანსპორტირება მოხდა ი/მ «გ. ჯ-ის» მონაწილეობით.
აპელანტმა ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის ო. ნ-ას მიერ შედგენილი დასკვნის კანონიერებისა და საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას ქმედებების მართლზომიერად მიჩნევის შესახებ, დაუსაბუთებლობის მოტივით, რადგან სასამართლომ ვერ მიუთითა სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც საგანგებო ლეგიონის თანამშრომელს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისა და დათვალიერების უფლებას მისცემდა.
აპელანტი ასევე არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გენერალური ინსპექციის წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტიდა არ გამოიყენა ამავე კოდექსის 202-ე მუხლი, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინებით ი/მ «გ. ჯ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები ¹341710 სერია აა-03, სრულყოფილად არ არის შევსებული, კერძოდ, მისი მე-7, მე-8 და მე-9 გრაფები, საიდანაც არ დგინდება, რომ გამყიდველი, იგივე ტვირთის მიმღები ი/მ «გ. ჯ-ი» და გადამზიდველი არის ერთი და იგივე პირი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და ვერც აპელანტმა წარმოადგინა რაიმე დამადასტურებელი მტკიცება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედნადები გამოწერილ იქნა შემოსავლების მინისტრის 2000წ. 9 ოქტომბრის ¹362 ბრძანების 2.10 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ითვლება ზედნადების გარეშე წარმოებულ ოპერაციად, რაც მითითებულია ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას მიერ 2003წ. 25 ივლისს შედგენილ ოქმში. აღნიშნული გარემოება იწვევს საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის დაჯარიმებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ი/მ «გ. ჯ-თვის» ჯარიმის სახით 6270,70 ლარის ფინანსური სანქციის გადახდის დაკისრება მიიჩნია კანონშესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლისა და ფინანსთა მინისტრის 2002წ. 30 აგვისტოს ¹271 ბრძანების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების თანამშრომელი _ ი. ფ-ა მოქმედებდა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-13 მუხლისა და ფინანსთა მინისტრის 2000წ. ¹343 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარის წარმომადგენლისათვის არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს და არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «გ. ჯ-მა» და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი/მ «გ. ჯ-ის» სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ ი. ფ-ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერა ავტომანქანა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და არ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნის სისწორეს.
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა შემოსავლების მინისტრის 2000წ. 9 ოქტომბრის ¹362 ბრძანება.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დასკვნის კანონშესაბამისად მიჩნევის შესახებ და მიუთითა, რომ გაურკვეველია, რომელი ნორმის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ სასაქონლო ზედნადებში ნდობით აღჭურვილ პირზე გაცემული მინდობილობის თარიღისა და ნორმის მიუთითებლობა წარმოადგენდა სასაქონლო ზედნადების არარსებულად ცნობისა და საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს, რადგან საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლი დაკავშირებულია გადასახადისაგან თავის არიდების საწინააღმდეგო ღონისძიების მიღებასთან, რის გამოც მისი გამოყენება, ი/მ «გ. ჯ-ის» მხრიდან კი გადასახადის გადახდის თავის არიდების გარემოების დაუდგენლად, უკანონოა.
კასატორმა მიიჩნია, რომ გენერალური ინსპექციის 2003წ. 6 აგვისტოს წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც მიღებულია არაუფლებამოსილი ორგანის მიერ, რის გამოც იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ აქტს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ «გ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე მუხლი, 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტი და არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2003წ. 6 აგვისტოს ¹22-864/03-01 წერილი არ მიიჩნია ადმინისტრაციულ აქტად, რაც სასამართლომ დაასაბუთა იმით, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000წ. ¹343 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდება არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ გენერალური ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მუშაობის კონტროლის უზრუნველყოფა, მუშაობის ეფექტურობის შემოწმების ხელმძღვანელობა, სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლის განხორციელება, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი მოკვლევის წარმოება, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების განხილვა და მომზადება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის მიერ მიღებული დოკუმენტი არ იქნეს მიჩნეული ადმინისტრაციულ აქტად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს შემდეგ გარემოებებს: ფინანსთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, როგორც თავად დოკუმენტშია მითითებული, მიიღო რა ი/მ «გ. ჯ-ის» ადმინისტრაციული საჩივარი (ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის _ ო. ნ-ას მიერ 2003წ. 27 ივნისს გაცემული დასკვნისა და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას ქმედებების არამართლზომიერად ცნობის შესახებ) და ჩაატარა სამსახურებრივი მოკვლევა, მიიჩნია, რომ საგანგებო ლეგიონის თანამშრომლის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა არ მომხდარა და სასაქონლო ზედნადები შევსებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იყო თუ არა გენერალური ინსპექცია უფლებამოსილი, განეხილა და ემსჯელა ი/მ «გ. ჯ-ის» ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების დადგენისას, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ ი/მ «გ. ჯ-მა» ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა რა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში _ ფინანსთა სამინისტროში, თავისი საჩივრის განხილვის შედეგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183.1 მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში ეცნობა თუ არა მხოლოდ გენერალური ინსპექციის სადავო დოკუმენტის სახით. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოსდა დაადგინოს, ი/მ «გ. ჯ-ის» ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს, როგორც საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა თუ არა გადაწყვეტილებადა ფინანსთა სამინისტრომ იმსჯელა თუ არა ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მთავარი ინსპექტორის _ ო. ნ-ას 2003წ. 27 ივნისის დასკვნის კანონიერებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სახეზე იყო თუ არა გენერალური ინსპექციის წერილის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით (კოდექსის 2004წ.ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული აქტის არარად ცნობის საფუძველი. ისე შეაფასა იგი, როგორც არა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად, რომ არ უმსჯელია ზაკ-ის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ სახესა და შედეგზე. რამდენადაც, მითითებული ნორმის თანახმად, ცალსახად არის განმარტებული, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2003წ. 6 აგვისტოს ¹22-864/03-01 დოკუმენტის ადმინისტრაციულ აქტად მიუჩნევლობის შესახებ დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებული გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გასაჩივრებული 2003წ. 6 აგვისტოს ¹22-864/03-01 დოკუმენტის კანონიერებასა და ი/მ «გ. ჯ-ის» მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 68.2 მუხლი და აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასაქონლო ზედნადები ¹34710, სერია აა-03-ში ¹7, ¹8 და ¹9 გრაფების შეუვსებლობა წარმოადგენს იმის საკმარის საფუძველს, რომ მითითებული ზედნადებით წარმოებული ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი ან მიწოდებული მატერიალური ფასეულობების, ან საქონლის ტრანსპორტირება წარმოადგენს სასაქონლო ზედნადების გარეშე წარმოებულ ოპერაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სასაქონლო ზედნადების შემოღების შესახებ» საქართველოს შემოსავლების მინისტრის 2000წ. 9 ოქტომბრის ¹362 ბრძანების 1.1 მუხლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი, რომლის გარეშეც აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია. საგადასახადო კოდექსის 68.2 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, სრულად აღრიცხოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასასრულზე. ამდენად, მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ¹34710, სერია აა-03, მიუხედავად ¹7, ¹8 და ¹9 გრაფების სათანადოდ შეუვსებლობისა, უზრუნველყოფდა თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს, ანუ დასტურდება თუ არა მითითებული ზედნადებით სამეურნეო ოპერაციის განხორციელებისა და ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი. შესაბამისად, ¹7, ¹8 და ¹9 გრაფების შეუვსებლობა შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს არსებითი მნიშვნელობის დარღვევად და საკამარისია თუ არა ასეთი დარღვევა იმგვარი დასკვნის გასაკეთებლად, რომ ი/მ «გ. ჯ-ის» მიერ სასაქონლო ზედნადებით ¹34710, სერია აა-03 წარმოებული ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი ან მიწოდებული მატერიალური ფასეულობების, ან საქონლის ტრანსპორტირება წარმოადგენს სასაქონლო ზედნადების გარეშე წარმოებულ ოპერაციას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ასევე დაუსაბუთებელია ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას ქმედებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, რადგან სააპელაციო სასამართლომ საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ფოთის განყოფილების თანამშრომლის _ ი. ფ-ას მიერ ქ. ფოთის მე-7 კილომეტრის გზის მონაკვეთზე ავტომანქანის გაჩერება და ტვირთის ჩამორთმევა მიიჩნია მართლზომიერად იმ მოტივით, რომ ფინანსთა სამინისტროს იმ დროისათვის მქმედი დებულების მე-11 მუხლის თანახმად, საგანგებო ლეგიონი წარმოადგენდა სპეციალურ სამართალდამცავ მაკონტროლებელ ორგანოს და მის კომპეტენციაში შედიოდა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის არსი, რადგან მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ საგანგებო ლეგიონის ფუნქციებს წარმოადგენდა საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების გამოვლენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საგანგებო ლეგიონის თანამშრომელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002წ. 30 აგვისტოს ¹271 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევით, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე გააჩერა ავტომანქანა, ანუ დანაშაულისა თუ სამართალდარღვევის შესახებ საგანგებო ლეგიონის თანამშრომელს არ გააჩნდა საკმაო მონაცემები, რაც მას მოქალაქეთა პირადი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების უფლებას მიანიჭებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის საკასაციო პრეტენზიას და ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ საგანგებო ლეგიონის მე-3 სამმართველოს ფოთის განყოფილების თანამშრომელ ი. ფ-ას გააჩნდა თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სადავო ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მთავარი ინსპექტორის _ ო. ნ-ას 2003წ. 27 ივნისის დასკვნის მართლზომიერებაზე, მის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან. გადაწყვეტილებით გაქარწყლებული არ არის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი/მ «გ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26.3 მუხლებით, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ «გ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.