Facebook Twitter

საქმე # 080100118002493943

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №183აპ-19 ქ. თბილისი

მ–ი კ., 183აპ-19 9 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპოცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა რევაზ თოფურიამ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში, შემდეგი არგუმენტებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნ. კ–მ დაადასტურა დანაშაულის შესაძლო მოტივი - კ. მ–სა და გ. გ–ს შორის წარსულში არსებული უთანხმოება, ამასთან, გარდაცვლილისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკალიზაცია, ურთიერთგანლაგება და სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათი მიუთითებს გიორგი გიორგაძის სიცოცხლის მოსპობის სურვილზე (განზრახვაზე); სასამართლომ არასწორად შეაფასა 2015 წლის 7 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ფოტოსურათებით ამოცნობა, როდესაც მოწმე ბ. ს–მ ამოიცნო კ. მ–ი და დაუსაბუთებლად გაიზიარა თვითმხილველი მოწმეების არასანდო, არასარწმუნო და არაგულწრფელი ჩვენებები, რომლებიც არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. მ–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ ს.........ში, ........... ქ. №.-ში მდებარე ინდ.მეწარმე „............ის“ სასურსათო მაღაზიასთან მივიდა კ. მ–ი. იქვე იმყოფებოდა გ. გ–ე, რომელიც მან გვერდით გაიხმო და რადგან მასზე წარსულში იყო განაწყენებული, შურისძიების მოტივით, განზრახ, ცივი იარაღით მიაყენა მრავლობითი დაზიანება კისრისა და გულმკერდის წინა, უკანა, მარჯვენა და მარცხენა არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. გ–ე მიღებული მრავლობითი დაზიანებით რამდენიმე წუთში, საავადმყოფოში მიყვანისთანავე, გარდაიცვალა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით კ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპოცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა გივი შენგელიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა კ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ. გ–ს შემთხვევის ადგილზე მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შედეგედაც იგი გარდაიცვალა, მაგრამ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ განზრახ მკვლელობა სწორედ კობა მეფარიშვილმა ჩაიდინა. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა კ. მ–ს ბრალეულობას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპოცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი