Facebook Twitter

ა-362-ა-9-2011 11 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ. გ-ის მიმართ და მოითხოვა აღიარებულიყო, რომ მისი ოჯახის მიერ 1995 წელს ფაქტობრივად შეძენილია ქ. ბათუმში, .... ქ.¹59-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც დღეის მდგომარეობით მოპასუხის სახელზე ირიცხება; დავალდებულიყო მ. გ-ი, მითითებული ბინა აღერიცხა მოსარჩელის საკუთრებად, ასევე, მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ნ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ნ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინება.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ ავადმყოფობას, რის დასადასტურებლადაც მის მიერ წარმოდგენილი იყო აჭარის ა/რ ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ნ. ც-ძე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ აჭარის ა/რ ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის მიერ გაცემული ცნობა, არ ასაბუთებდა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

2011 წლის 8 თებერვალს ნ. ც-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმება, და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, მისი კერძო საჩივარი საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, რომლის თაობაზეც მას შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით არ მიუღია, რითაც პალატამ დაარღვია კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-431-ე მუხლების საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, როდესაც მხარე საქმის განხილვაზე არ იყო მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მითითებული მუხლის თანახმად, განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამასვე კოდექსის 419.2-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშეEგანხილვის შესახებ სასამართლო ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მისი კერძო საჩივარი საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, რომლის თაობაზეც მას შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით არ მიუღია, რითაც პალატამ დაარღვია კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-431-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველია.

განმცხადებლის აღნიშნულ მსჯელობას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე ფ. ე-ურმა 2010 წლის 11 ნოემბერს სატელეფონო საშუალებით პირადად აცნობა განმცხადებელს (კერძო საჩივრის ავტორს _ ნ. ც-ძეს) კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი, რაც ცხადყოფს, რომ მისთვის კერძო საჩივრის განხილვის ფორმის თაობაზე ცნობილი იყო (იხ. ტ.II, ს.ფ. 279).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ც-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის წლის 9 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.