ა-822-ა-10-2011 11 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი _ ვ. პ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჯ-ვა, გ.A ვ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჯ-ვამ და გ. ვ-მა სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ვ. პ-ძის მიმართ და მოითხოვეს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ქ.¹21-ში მდებარე საერთო საკუთრების სახლიდან მოსარჩელეებისათვის თანაბარი წილების იზოლირებულად გამოყოფა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ვასა და გ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ქუჩა ¹21-ში მდებარე საერთო საკუთრების სახლიდან მოსარჩელეებს თანაბარ წილებში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საიჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის ¹კ-677/18-ის შესაბამისად, ვ. პ-ძის საერთო საკუთრებიდან იზოლირებულად გამოეყოთ სახლის პირველ სართულზე @¹2 ოთახი ფართით _ 11,41 კვ.მ, ¹4 ოთახი ფართით _ 22,74 კვ.მ, ¹6 სანკვანძი ფართით _ 3,64 კვ.მ და ¹7 სათავსი _ ფართით 2,79 კვ.მ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებისათვის გამოყოფილი ფართის, ვ. პ-ძის საკუთრებიდან იზოლირების მიზნით, ¹2 და ¹3, ¹4 და ¹5 ოთახების დამაკავშირებელი კარის ღიობები ამოშენედა, ¹3 და ¹4 ოთახებს შორის დამაკავშირებელი თაღი ამოშენდა, ¹6 ოთახში მოეწყო ბინაში შესასვლელი კარი. მოსარჩელეებს პირველ სართულზე მდებარე ¹5 ოთახის (8,66კვ.მ-ის) გამოყოფაზე და ამოშენების ხარჯების მოპასუხე ვ. პ-ძისათვის დაკისრებაზე ეთქვათ უარი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. პ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. ჯ-ვასა და გ. ვ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ჯ-ვასა და გ. ვ-ს უარი ეთქვათ დაბა ბაკურიანში, ... ¹21-ში მდებარე საერთო საკუთრების სახლის ნატურით გაყოფაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი. ჯ-ვამ და გ. ვ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, სასამართლო სხდომის დანიშვნამდე მხარეების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობებით:
1. ვ. პ-ძე საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გ. ვ-ს 12 500 აშშ (თორმეტი ათას ხუთასი) დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით) და ი. ჯ-ვას 12 500 აშშ (თორმეტი ათას ხუთასი) დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით) 2011 წლის 30 მარტამდე მათი კუთვნილი უძრავი ქონების 1/5 წილის სანაცვლოდ, ქონება მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, ... ქ.¹21, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო) ¹...;
2. გ. ვ-ი და ი. ჯ-ვა საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას პირველ პუნქტში მითითებული თანხების დათქმულ დროში მიღების შემდეგ, უარი განაცხადონ სადავო ქონების მატერიალურ და არამატერიალურ პრეტენზიაზე ვ. პ-ძის მიმართ;
3. მხარეები თანხმდებიან ასევე მასზე, რომ, თუ ვ. პ-ძე არ შეასრულებს პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ ვალდებულებებს, მაშინ განხორციელდება გ. ვ-ისა და ი. ჯ-ვას კუთვნილი წილის ნატურით გაყოფა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობებით (24 ივნისი, 2009 წელი, ¹კ-677/18), კერძოდ: გ. ვ-სა და ი. ჯ-ვას ნატურით გამოეყოფათ ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ¹21-ში, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო) ¹..., განთავსებულ შენობაში მათი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 42,92 კვ.მ, მათ შორის _ პირველ სართულზე ¹2 ოთახი _ ფართით 11,41 კვ.მ, ¹4 ოთახი _ ფართით 22,74 კვ.მ, ¹6 სანკვანძი _ ფართით 3,64 კვ.მ, სათავსო _ ფართით 3,79 კვ.მ, ასევე, მიწის ნაკვეთის შესაბამისი 1/5 ნაწილი. ზემოაღნიშნული გაყოფის შემთხვევაში: ¹2 და ¹3, ასევე ¹4 და ¹5 ოთახების დამაკავშირებელი კარის ღიობები უნდა ამოშენდეს: ¹3 და ¹4 ოთახებს შორის დამაკავშირებელი თაღი (არკა) უნდა ამოშენდეს; @¹2 და ¹6 ოთახების გამმიჯნავ ტიხარზე უნდა მოეწყოს კარები; ¹6 ოთახში უნდა მოეწყოს კარები; ¹6 ოთახში არსებული სანკვანძი უნდა მოეწყოს ¹7 ოთახში.
4. მხარეები იღებენ ვალდებულებას ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ სრულად, ჯეროვნად და დათქმულ დროში.
მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა საქმის წარმოება.
2011 წლის 21 მარტს ვ. პ-ძის რწმუნებულმა დ. ნ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ვ. პ-ძემ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ გ. ვ-ის განუყოფელი თურმე 1/5 (რეალურად 1/10) წილი დაყადაღებული ყოფილა დაზუსტებულ 550 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, რის გამოც საჯარო რეესტრი ვერ აღრიცხავს ვ. პ-ძის დაზუსტებულ მიწის ნაკვეთს (რომელიც დაზუსტებული არის არა 550 კვ.მ, არამედ 347 კვ.მ) და, რომლის გამოც ბანკი არ იძლევა სესხს. ამდენად, განმცხადებლის განმარტებით, გ. ვ-მა შეცდომაში შიყვანა, როგორც ვ. პ-ძე, ისე ი. ჯ-ვა და უზენაესი სასამართლო, რაც მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა 2011 წლის 7 მარტს. მას რომ აღნიშნულის თაობაზე ადრე სცოდნოდა, არ შეუთანხმდებოდა მოწინააღმდეგე მხარეებს და მოითხოვდა საქმის არსებითად განხილვას, ვინაიდან იმის გამო, რომ ვერ ახერხებს მიწის ფართობის დარეგისტრირებას, იზღუდება მისი უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ვ. პ-ძის წარმომადგენელ დ. ნ-ძის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლო არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე.
მითითებული ნორმების თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებას იმას, რომ ვ. პ-ძემ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ გ. ვ-ის განუყოფელი 1/5 (რეალურად 1/10) წილი დაყადაღებული ყოფილა დაზუსტებულ 550 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, რის გამოც საჯარო რეესტრი ვერ აღრიცხავს ვ. პ-ძის დაზუსტებულ მიწის ნაკვეთს (რომელიც დაზუსტებული არის არა 550 კვ.მ, არამედ 347 კვ.მ) და, რომლის გამოც ბანკი არ იძლევა სესხს. ამდენად, განმცხადებლის განმარტებით, გ. ვ-მა შეცდომაში შიყვანა, როგორც ვ. პ-ძე, ისე ი. ჯ-ვა და უზენაესი სასამართლო, რაც მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა 2011 წლის 7 მარტს. მას რომ აღნიშნულის თაობაზე ადრე სცოდნოდა, არ შეუთანხმდებოდა მოწინააღმდეგე მხარეებს და მოითხოვდა საქმის არსებითად განხილვას, ვინაიდან იმის გამო, რომ ვერ ახერხებს მიწის ფართობის დარეგისტრირებას, იზღუდება მისი უფლებები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვაინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ საფუძველს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. პ-ძის წარმომადგენელ დ. ნ-ძის განცხადება უსაფუძვლოა და მათ მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რის გამოც განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. პ-ძის წარმომადგენელ დ. ნ-ძის განცხადება ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება