საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3I-21 ქ. თბილისი
ს-ი ი-ნ, 3I-21 26 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ს-ის (Y. S.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2014 წლის 18 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო №7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №-- განაჩენით ი. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №-- კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯამურად – 24 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 12 წელი და 1 თვე.
2. 2018 წლის 12 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში.
3. 2019 წლის 6 ნოემბერს გაიცა ი. ს-ის დაკავების ბრძანება.
4. 2020 წლის 13 მარტიდან ი. ს-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
5. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად და 2014 წლის 18 მარტის განაჩენის შესაბამისად, ი. ს-ის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 9, 11 და 14 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ანკარაში, ი. ს-იმ მეორე თანამონაწილესთან, ვინმე „ჩ-თან“ ერთად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება დაზარალებულ პირს – ი. თ-ს, ჩაისვა ავტომანქანაში, მიიყვანა საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც იყენებდნენ ბიუროდ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და მუქარით აიძულა იგი, ხელი მოეწერა 150000 თურქული ლირის ოდენობის ობლიგაციაზე, აგრეთვე მოითხოვა 5000 თურქული ლირის მათთვის გადაცემა. 2008 წლის 15 აპრილს, მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და მოთხოვნის საფუძველზე, ი. თ-მა ი. ს-ის გადასცა 750 თურქული ლირა.
6. აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №-- კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, 2 ეპიზოდი), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). ამასთან, ზემოაღნიშნული დანაშაულები თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით, ხოლო სასამართლოს განაჩენით ი. ს-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 12 წელი და 1 თვე.
7. აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით). აღნიშნული დანაშაულები საქართველოს კანონმდებლობით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით.
8. ი. ს-ის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებით ი. ს-ის სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
9. 2020 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ს-ი.
10. 2020 წლის 3 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ს-ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
11. 2020 წლის 16 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ს-ისა და მისი ადვოკატების საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ.
12. 2020 წლის 31 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
13. 2020 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ი. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2021 წლის 2 იანვრამდე.
14. 2020 წლის 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ი. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2021 წლის 2 აპრილამდე. ამჟამად ი. ს-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
15. 2021 წლის 8 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ი. ს-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო №- მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2010/376-2014/109 განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, 2 ეპიზოდი), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2021 წლის 13 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო ი. ს-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო №7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №-- განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №--კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, 2 ეპიზოდი), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.დ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში ი. ს-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას დანაშაული არ ჩაუდენია; ი. ს-ი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და იყო პოლიტიკური პარტიის წევრი; მას თავს დაესხნენ პოლიტიკური მოღვაწეობის გამო და მის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ დამუქრებოდა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა თურქეთი და ჩამოსულიყო მშობლიურ საქართველოში, რადგან წარმოშობით ეთნიკურად ქართველია; არ არის წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ს-ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, დასჯას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას; თურქეთში მოსამართლეები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, რაც გავლენას ახდენს საქმეთა შედეგებზე; ექსტრადიის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები და მას არ ექნება წვდომა სამართლიან სასამართლოზე; აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შედის.
18. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა ი. ს-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ი. ს-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 2 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი. ს-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ს-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. ი. ს-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით წლების განმავლობაში მისი დევნის, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან შევიწროების ან მის მიმართ მუქარის თაობაზე. ი. ს-ის არ დაუსახელებია კონკრეტული ოპოზიციური პარტია, რომელშიც ის მოღვაწეობდა, ასევე – მუქარის ან/და ზეწოლის კონკრეტული დამაჯერებელი ფაქტები. აღსანიშნავია ისიც, რომ, მიუხედავად ი. ს-ის განცხადებისა, იგი აგრძელებდა ბიზნესსაქმიანობას და 2017 წლამდე არ დაუტოვებია თურქეთის რესპუბლიკა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში ი. ს-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არ გამოყენებულა პატიმრობა, რაც ამყარებს რწმენას, რომ სახელწიფო მის მიმართ იყენებდა მხოლოდ სათანადოდ დასაბუთებულ სამართლებრივ ზომებს და არა – რეპრესიულ აღკვეთის ღონისძიებებს.
6. ი. ს-ი საქართველოში ცხოვრობს 2017 წლიდან, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას არ მიუმართავს სახელმწიფოს არცერთი შესაბამისი ორგანოსათვის მის მიმართ რაიმე ნიშნით დევნასა ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნული კი ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ი. ს-ის მიზანია თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებისათვის თავის არიდება. ამასთან, არ იკვეთება რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ი. ს-ის რაიმე ნიშნით მიზანმიმართულ დევნაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
7. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
8. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია ი. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით და იგი უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. გამოძიებისა და სასამართლო განხილვების დროს ი. ს-იმ და მისმა ადვოკატმა წარმოადგინეს დაცვის პოზიცია და ისარგებლეს განაჩენის გასაჩივრების უფლებით. გარდა ამისა, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს სასამართლოსათვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ი. ს-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის; ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ს-ი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით.
10. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ი. ს-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. ს-ი არ სარგებლობის საერთაშორისო დაცვით საქართველოში და არ გააჩნია საერთაშორისო დაცვის მაძიებლის სტატუსი. ამდენად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
12. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ი. ს-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ი. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
13. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ი. ს-ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თურქეთის რესპუბლიკაში ი. ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2014 წელს. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალებისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ი. ს-ის მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 20 წლით და იგი გასული არ არის.
14. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ი. ს-იმ 2020 წლის 4 ნოემბერს გასაუბრებისას განმარტა, თურქეთში ცხოვრობენ მისი დედ-მამა, დები და ძმა, ხოლო საქართველოში – მისი პარტნიორი ქალი დ. დ.; ი. ს-ის თქმით, პარტნიორთან ერთად 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და მის კმაყოფაზე არ არის ოჯახის არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო წევრი. ასეთ ვითარებაში ი. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ს-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო №7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №-- განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №-- კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, 2 ეპიზოდი), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი