Facebook Twitter

ა-1464-გან-3-2010 25 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე მ. მ-შვილის განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 24 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. მ-შვილმა.

განცხადების თანახმად, საქალაქო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარე ცნობილ იქნა ორი ოთახისა და სარდაფის მოსარგებლედ. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციების _ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ. მოსარგებლეს მიტაცებული ჰქონდა აგრეთვე 7კვ.მ ფართი საერთო აივნის ხარჯზე, რაც მხარეს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გაუხდია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მას, როგორც მესაკუთრეს, შესაძლოა თუ არა დაევალოს კიდევ ერთ დამატებით მიტაცებულ ფართზე თანხის გადახდა.

საკასაციო სასამართლო მ. მ-შვილის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

კანონის დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ვალდებულება აკისრია სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც განსამარტი გადაწყვეტილება გამოიტანა.

წარმოდგენილი განცხადებით მ. მ-შვილი ითხოვს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებას. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტების შესახებ მ. მ-შვილის განცხადების განსახილველად მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-შვილის განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.