ა-2925-გან-4-2010 30 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრიასაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ მ. ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელი გ. ი-ელი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “...”
განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლო განჩინების განმარტება
დავის საგანი _ კოლექტიურ შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა, კოლექტიური შეთანხმების მოქმედების პერიოდში შვებულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯებისა და კვების ღირებულების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ძემ და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “...” მიმართ და მოითხოვეს 2000-2003 წლების კოლექტიურ შეთანხმებაში 2002 წლის 16 ივლისს შეტანილი ცვლილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის დავალიანების გადახდის დაკისრება, წარმომადგენელთა ხარჯების ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისათვის 25 ლარისა და კუთვნილი თანხის 10%-ის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: მ. ა-ძის და სხვათა სარჩელი მოპასუხე სს “...” მიმართ კოლექტიურ შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობის, კოლექტიური შეთანხმების მოქმედების პერიოდში შვებულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯებისა და კვების ღირებულების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელმა გ.ი-ელმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელ გ. ი-ელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
მ. ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელმა გ. ი-ელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატივების შესახებ განჩინებაში მითითებული პირები, რომლებსაც სასამართლო შეტყობინება ჩაბარდათ _ ა. ა-იანი და გ. ა-იანი არ არიან ერთადერთი მოსარჩელეები, ისინი არც სხვა მოსარჩელეთა წარმომადგენლის სახით მონაწილეობენ საქმეში, მოცემულ დავაში თითოეული მხარე გამოდის დამოუკიდებლად და თითოეული მათგანი აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ გ. და ა. ა-იანებისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ყოველი კასატორისათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენის დაწყების საფუძველია, არასწორია. განმცხადებლს მითითებით, სასამართლო გზავნილის მიმღები მხარეების მიერ სარჩელზე უარის თქმა სხვა მხარეთა მიერ სარჩელზე უარის თქმად ვერ იქნება მიჩნეული, შესაბამისად, ვერც ამ უკანასკნელთათვის ჩაბარება იქნება დავის სხვა მონაწილეთათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარებად მიჩნეული. თავად საკასაციო სასამართლოს განჩინებით ირკვევა, რომ გ.ი-ელმა, როგორც კასატორთა წარმომადგენელმა მისთვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელ გ.ი-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ზემოხსენებული ნორმა მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად მის იმგვარ განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება ობიექტურად საჭირო და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარე ან აღმასრულებელი დაასაბუთებს, რომ სხვაგვარად მისი შინაარსი შესაძლოა გაგებულ და აღსრულებულ იქნას არასწორად.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელ გ. ი-ელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს უწყების (სასამართლო შეტყობინების) გაგზავნისა და ჩაბარების წესს ისეთი შემთხვევის არსებობისას, როდესაც მოდავე მხარეთაგან ერთ მხარეს მონაწილეობს 10-ზე მეტი პირი. აღნიშნული ნორმით ამომწურავადაა რეგლამეტირებული სასამართლო შეტყობინების ამ მხარეს მონაწილე თითოეული მხარისათვის ჩაბარების საკითხი.
დასახელებული ნორმის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათის. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ.ი-ელი არ იყო მოცემულ დავაში მოსარჩელეთა მხარეს მონაწილე ყველა სუბიექტის წარმომადგენელი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეტყობინების ჩაბარებისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამირან და გ. ა-იანებისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება, ამ მხარეს მონაწილე ყველა სუბიექტისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩეული მიუხედავად იმისა ყველა მათგანს აქვს დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა თუ არიან ერთიანი მოთხოვნის ადრესატები.
დასახელებული ნორმის დანაწესის გათვალისიწინებით, პალატა თვლის, რომ მ. ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელ გ. ი-ელის განცხადების არგუმენტები საკასაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არასწორად დათვლისა და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატიოვების შესახებ განჩინების დებულებების ბუნდოვანების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, ამასთან აღნიშნული არგუმენტები საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების განმარტების საფუძველს არ წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ძისა და სხვათა წარმომადგენელ გ. ი-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.