ა-1075-გან-5-2011 12 აპრილი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-აძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება 2006 წლის 29 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. გ-ძის სარჩელი მ. ბ-ძესა და მ. მ-აძეს შორის 2006 წლის 29 აგვისტოს გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკურლების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ზ. გ-ძეს დაეკისრა მ. მ-აძის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1675,61 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;
2011 წლის 5 აპრილს ზ. გ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა და მოითხოვა განმარტება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა თუ არა იმავე სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი აღსრულების დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებებს არ ასახელებს და ვერც იმას ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება. ზ. გ-ძე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მისთვის გაუგებარია განსამარტი გადაწყვეტილებით გაუქმდა თუ არა იმავე პალატის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რადგანაც, განმცხადებლის მოსაზრებით, ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით მ. მ-აძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო იმავე პალატის 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით - მ ფ-შვილის საკასაციო საჩივარი და შეგებებული სარჩელი, შესაბამისად, გაუგებარია, მითითებული გადაწყვეტილებები ერთმანეთს როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელის მიერ მითითებული გარემოებები არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას უკავშირდება და არც აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, ამასთან, სცილდება გადაწყვეტილების განმარტების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს, რადგანაც განცხადებაში მითითებულ მოსაზრებაზე პასუხის გაცემა მთლიანად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი არსის, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლების განმარტებას გულისხმობს, რაც სრულებით არ უკავშირდება განსამარტი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.