ა-1148-გან-7-2011 13 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ზ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-იანი
განმცხადებლის მოთხოვნა _ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინების განმარტება
დავის საგანი –_ რწმუნებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 30 მაისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ა. წ-ძემ და ზ. ბ-შვილმა მოპასუხეების: ნოტარიუს ქ. ძ-შვილის, ნ. ვ-ძის (შემდგომში ნ. ა-იანის), ე. კ-იას, მესამე პირების _ ნოტარიუს მ. ე-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს, ნოტარიუს ქ. ძ-შვილის მიერ 2007 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული სანოტარო აქტის (რეგისტრაციის ¹1-6641) _ ა. წ-ძის მიერ ნ. ა-იანის სახელზე გაცემული მინდობილობის 2007 წლის 2 ნოემბრიდან გაუქმებულად გამოცხადება; ამ მინდობილობის საფუძველზე 2007 წლის 5 ნოემბერს ნ. ა-იანსა და ე. კ-იას შორის დადებული ნოტარიუს მ. ე-ძის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება; ე. კ-იას სახელზე მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, ასევე დ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე ა. წ-ძის საკუთრების უფლების აღდგენა.
მოპასუხე ნ. ა-იანმა სარჩელი არ ცნო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. წ-ძემ და ზ. ბ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ-შვილმა და ა. წ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საქართვლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით ზ. ბ-შვილისა და ა. წ-ძის საკ-აციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება. ა. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 6 სექტემბრის მინდობილობა დადებული ა. წ-ძესა და ნ. ა-იანს შორის; ბათილად იქნა ცნობილი ა. წ-ძის მინდობილ მესაკუთრეს ნ. ა-იანსა და ე. კ-იას შორის 2007 წლის 5 ნოემბერს დადებული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების, სარეგისტრაციო ნომრით 26.19.03.267, ე. კ-იას საკუთრების შესახებ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (სარეგისტრაციო ნომერი 26.19.03.267) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. წ-ძე. ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-იანმა და ეკატრინე კ-იამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ზ. ბ-შვილსა და ნ. ა-იანს შორის შემდეგი პირობებით: ზ. ბ-შვილი ნ. ა-იანს 2011 წლის 1 ივლისამდე გადაუხდის 6 600 აშშ დოლარს ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით: 1 აპრილამდე - 1000 აშშ დოლარს, 1 მაისამდე - 1000 აშშ დოლარს, 1 ივნისამდე - 2600 აშშ დოლარს, 1 ივლისამდე კი - 2000 აშშ დოლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია მოხდეს ვადაზე ადრეც; თანხის სრულად დაფარვიდან სამი თვის ვადაში ნ. ა-იანი ვალდებულია უპირობოდ გაათავისუფლოს დაკავებული ფართი; თანხის სრულად დაფარვამდე ნ. ა-იანი ფლობს და სარგებლობს დაკავებული ფართით. ამასთან, ვალდებულებას კისრულობს გაუფრთხილდეს დაკავებულ უძრავ ქონებას, არ დააზიანოს და არ გაასხვისოს იგი მხარესთან შეთანხმების გარეშე; ქონების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები ან მათი წარმომადგენლები. ეს აქტი მორიგების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეები ამ ნივთზე კარგავენ დავის უფლებას. ნივთი რჩება ე. კ-იას საკუთრებაში; მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში საქმე დაუყონებლივ გადაეცემა აღსასრულებლად შესაბამის დაწესებულებას; ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე.კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე. შეწყდეს საქმის წარმოება ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სარჩელის გამო ნ. ა-იანისა და ე. კ-იას მიმართ რწმუნებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ზ. ბ-შვილმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის მორიგების განჩინების მე-7 პუნქტის განმარტება. განმაცხადებელი აღნიშნავს, რომ მითითებული განჩინების მე-7 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობა ,,ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე. კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე “უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ პირობა ,,ზ. ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე. კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი შემდეგი მონაცემებით 10000 (ათი ათასი) კვ.მ მიწის ფართი მასზე განთავსებული შენობა ნაგებობითურთ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹266 და ¹267 აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ზ. ბ-შვილის განცხადებას სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო პალატა ზ. ბ-შვილის მოთხოვნას განჩინების განმარტების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნევს, ვინაიდან უძრავის ნივთის ზუსტი მონაცემების მიუთითებლობა გააძნელებს მოცემული მორიგების განჩინების პირობის აღსრულებას _საჯარო რეესტრში ზ. ბ-შვილის სახელზე უძრავი ნივთის აღრიცხვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინების მე-7 პუნქტი, რომლითაც დადგინდა ,,ზ. ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე. კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე” უნდა განიმარტოს შემდეგი სახით: ,,ზ. ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე. კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი შემდეგი მონაცემებით 10000 (ათი ათასი) კვ.მ მიწის ფართი მასზე განთავსებული შენობა ნაგებობითურთ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹266 და ¹267 აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე”.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინების მე-7 პუნქტი განიმარტოს შემდეგი სახით: ,,ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე. კაშიას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი შემდეგი მონაცემებით 10000 (ათი ათასი) კვ.მ მიწის ფართი მასზე განთავსებული შენობა ნაგებობითურთ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹266 და ¹267 აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე”.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.