Facebook Twitter

¹ვ-199-ბ-4-2010 25 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ო. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა

დავის საგანი _ სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო. ხ-ის სარჩელი ო. კ-ის მიმართ სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ოლღა ხატიაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ეს დაევალა დაბა წყნეთში, ..... ქუჩა ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის, სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ომარ კიზივაძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. კ-ის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2007 წლის 19 ნოემბერს ოლღა ხატიაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სარჩელით იგი მოითხოვდა ო. კ-ის დაბა წყნეთში, ..... ქ.¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯზე და საერთო სარგებლობის ეზოში პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის აღკვეთას, თვითნებურად მითვისებული საერთო სარგებლობის ეზოს კაპიტალური კედლების დანგრევას, ეზოსა და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას და მისი კუთვნილი სარდაფის დაბრუნებას.

ასევე მან მოითხოვა, პირველ სართულზე არსებული სასადილო აივნის მოშლა, რომელიც გადიდებულია და გადაკეთებულია ოთახად საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ხარჯზე, აგრეთვე, ახლად გაკეთებულ გადახურულ ბინაში შესასვლელის მონგრევა; საწოლი ოთახის გვერდითი აივნის მოშლა, რომელიც გადიდებულია საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ხარჯზე და გადაკეთებულია ბავშვების საწოლ ოთახად და დაუბრუნდეს პირვანდელი სახე; პირვანდელი სახით აღდგეს სადარბაზო, გაუქმდეს ახლად გაკეთებული სარდაფის ჩასასვლელი კიბე და აღდგეს სარდაფში ჩასასვლელი ძველი კიბე; გაუქმდეს სადარბაზოში შესასვლელის ქვეშ გათხრილი ახალი სარდაფი, უპროექტო და უკანონო, მოწყობილი საკუჭნაოდ და მარნად, აღდგეს პირვანდელი სახით და ამოივსოს მიწით; აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში სარდაფი, რომელიც მიითვისა მოპასუხემ, მოშალა ტიხრები, გადააკეთა თავისი შეხედულებით, მოაწყო: აბაზანა, ბარი, ბუხარი; დაუბრუნდეს მისი კუთვნილი 32 კვ.მ სარდაფი, მოპასუხეს დარჩეს 14 კვ.მ ფართი. აღდგეს თავისუფალი ფართი, რისთვისაც უნდა მოიშალოს ბარი, აბაზანა, ბუხარი, ასევე დაევალოს 100 კვ.მ ფართზე საერთო ეზოში მოწყობილი მანქანების სადგომის მოშლა, რომელიც ამაღლებულია, დაბეტონებულია და მოკირწყლული; აღდგეს საერთო სარგებლობის ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკარი და ღობე. დარჩეს ძველი შესასვლელი ჭიშკარი საერთო სარგებლობაში; საერთო სარგებლობის ეზოში აშენებული ეზოს გამყოფი ბეტონის კედლისა და ეზოში გაკეთებული ფაცხის მოშლა.

განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება ზემოაღნიშნული პუნქტების მიხედვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით ო. ხ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ხ-მა. ოლღა ხატიაშვილის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. ხ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ო. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი - „ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ო. კ-ეს დაევალოს დაბა წყნენთში, .... ქ.¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის, სარდაფისა და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში“ განიმარტა შემდეგნაირად:

1.ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა;

2.ტერასას დანგრევა 100 კვ.მ მოზაიკის იატაკითა და კიბით;

3.ომარ კიზივაძის მიერ მოწყობილი ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება;

4.ეზოს კეთილმოწყობის მოშლა;

5.სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება;

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ოლღა ხატიაშვილმა და ომარ კიზივაძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ო. ხ-ისა და ო. კ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

2009 წლის 4 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გიორგი დემეტრაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი ¹2ბ\907-8 გაცემული 2009 წლის 10 მარტს. განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის „გ“, „დ“Eდა „ე“ ქვეპუნქტების განმარტება, კერძოდ, იმის განმარტება, თუ რა ფორმით უნდა გაუქმდეს ომარ კიზივაძის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელი, რა სახის მოქმედება უნდა შესრულდეს, რათა მოიშალოს ეზოს კეთილმოწყობა და რა დონემდე ან რით უნდა ამოივსოს სარდაფი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - გ. დ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. კ-ის წარმომადგენელმა მ. ს-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ო. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

საკასაციო პალატამ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბუნდოვანია გადაწყვეტილების “გ”, “დ” და “ე” პუნქტები, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა განიმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბუნდოვანი პუნქტები გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განჩინებით განსაზღვრულია ის სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს დაბა წყნეთში, თამარ მეფის ქ. ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის, მაგრამ არ არის დაზუსტებული მათი შინაარსი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს, როგორ უნდა მოხდეს ო. კ-ის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება; ასევე ბუნდოვანია “დ” პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა მოიშალოს ეზოს კეთილმოწყობა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს, თუ რას ნიშნავს ეზოს კეთილმოწყობის მოშლა, რაში გამოიხატება ეზოს კეთილმოწყობა და რა სახით უნდა მოიშალოს იგი. ბუნდოვანია, აგრეთვე, აღნიშნული გადაწყვეტილების “ე” პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ სარდაფი ადრე არსებულ დონემდე უნდა ამოივსოს, რას ნიშნავს სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება, კერძოდ, გაურკვეველია რა სახით არსებობდა ადრე და რა დონეზე უნდა ამოივსოს სარდაფი.

ოლღა ხატიაშვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო პალატას უფლება არ ჰქონდა, განეხილა ომარ კიზივაძის წარმომადგენლის - მ. ს-ის კერძო საჩივარი და საქმე დაებრუნებინა სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად, რადგან არსებობდა საკასაციო პალატის ძალაში შესული განჩინება, რომლითაც ო. კ-ესა და მის ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ს-ეს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. განმცხადებელმა განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტი და 273-ე მუხლი და აღნიშნა, რომ “თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე უნდა შეწყდეს საქმე”.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატის მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტისა და “გ” პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ იქნა მიწვეული საქმის განხილვის დროს, რითაც დაირღვა განმცხადებლის კანონიერი უფლებები. მართალია, საქმე განხილილ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, მაგრამ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქმე უნდა განხილულიყო ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო განცხადების შინაარსს და მიაჩნია, რომ ო. ხ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს განეკუთვნება განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (სსკ-ის 272-ე მუხლი) და განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლი), ანუ განჩინებები, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება. იგივე უნდა ითქვას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და განჩინებებზე, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება და არა ისეთ განჩინებებზე, რომლითაც მთავრდება სააპელაციო ან საკასაციო წარმოება.

სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით, ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა.

განსახილველ შემთხვევაში, ოლღა ხატიაშვილმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინება, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, განხილულ იქნა მხოლოდ მოპასუხის კერძო საჩივარი, რომლის დაკმაყოფილების შედეგად საქმე განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ბათილად ცნობა და, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით შესაძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს ოლღა ხატიაშვილის განცხადების წარმოებაში მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ხ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.