Facebook Twitter

ა-1350-ბ-13-2010 28 ოქტომბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ვ. ი-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ვ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 25 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელი მიმართა ვ. ი-იანმა ს. ვ-ძის წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმებისა და 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. ვ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ი-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ი-იანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით ვ. ი-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ი-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ი-იანმა. მან აღნიშნა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას და იგი იყოფა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით. მის სახელზე უნდა გამოყოფილიყო 528 კვ. მიწა, ხოლო ს. ვ-ძის სახელზე 462,5 კვ.მ. არასწორია გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არასწორად იქნა მითითებული საჯარო რეესტრში, მაშინ როცა მას სარჩელი არ წარუდგენია მისი საკუთრების შესახებ, საჯარო რეესტრის მონაცემთა უსწორობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. ი-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

ვ. ი-იანმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ. მან მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება არის უკანონო, ვინაიდან საქმის განხილვისას იგი არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება (განჩინება) ბათილად იქნება ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ვ. ი-იანის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონითYგათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ი-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, თვითონ განსაზღვრავს რა შემთხვევაში უნდა იქნეს განხილული საქმე ზეპირი მოსმენით და რა შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისას მხარეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ვ. ი-იანს ეცნობა, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ი-იანის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. მისი საქმის განხილვაში მოწვევა არ მოხდა იმის გამო, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 422-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ი-იანის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.