ას-1975-ბ-19-2010 22 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი _ ქ. და ს. ჯ-ძეები (წარმომადგენელი თ. ი-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჯ-ძე, თ. ბ-ძე, ნ. ფ-ძე, თ. ა-ია
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 28 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ქ. და ს. ჯ-ძეებმა მოპასუხეების: ნ. ჯ-ძის, თ. ბ-ძის, ნ. ფ-ძისა და თ. ა-იას მიმართ და მოითხოვეს: ა. ქ.ბათუმში, ... ქ.¹28-სა და ¹30-ში მდებარე სახლთმფლობელობის გამიჯვნა მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემების მიხედვით; ბ. ქ.ბათუმში, ... ქ.¹30-ში ქ. და ს. ჯ-ძეების საზიარო უფლების გაუქმება მოპასუხეებთან, საერთო საკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფა, ცალ-ცალკე საკუთრებად აღრიცხვა; გ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის დავალება (ტომი 1, ს.ფ. 5-13).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. და ს. ჯ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა საზიარო უფლება მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს _ ნ. ფ-ძეს, თ. ა-იას და თ. ბ-ძეს შორის ქ.ბათუმში, ... ქ.¹28-ში და ¹30-ში მდებარე 779კვ.მ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მისი რეალური გაყოფის გზით და მოხდა სახლთმფლობელობის გამიჯვნა ... ქ.¹28-სა და ... ქ.¹30-საგან მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემების მიხედვით, ასევე გაუქმდა საზიარო უფლება სახლთმფლობელობაზე ქ. და ს. ჯ-ძესა და ნ. ჯ-ძეს შორის, მათ შორის დადგინდა სახლთმფლობელობის გაყოფა რეალური წილით და საკუთრებად აღრიცხვა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მხარეებს შორის საერთო საკუთრებაში აღნიშნული დროისათვის ფაქტობრივად არსებული 330.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფა მხარეთა წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით (3/4, 1/4) და თითოეულის საკუთრებად აღირიცხა მიწის ნაკვეთი, მოსარჩელეების საკუთრებად მათი წილის გათვალისწინებით _ 248.1 კვ.მ, ხოლო მოპასუხის საკუთრებად _ 82.7 კვ.მ. ამასთან, გადაწყვეტილებით დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში შესაბამისი აღრიცხვის განხორციელება და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა (ტომი 1, ს.ფ. 125-130).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. და ს. ჯ-ძეებმა (წარმომადგენელი თ. ი-ძე), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ნ. ჯ-ძისა და თ. ბ-ძის ნაწილში) გაუქმება და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 1, ს.ფ. 141-149).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აგრეთვე ნ. ჯ-ძემ და თ. ბ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 1, ს.ფ. 151-159, 164-173).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძის, ნ. ჯ-ძისა და თ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება; ქ. და ს. ჯ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი ქ.ბათუმში, ... ქ.¹28-30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძის, ნ. ჯ-ძის, ნ. ფ-ძის, თ. ბ-ძისა და თ. ა-იას თანასაკუთრების შესახებ; ქ.ბათუმში, ... ქ.¹28-30-ში მდებარე ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძისა და ნ. ჯ-ძის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 330.8 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძისა და ნ. ჯ-ძის თანასაკუთრებად; დადგინდა საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 132-140).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. და ს. ჯ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საზიარო საკუთრებაში არსებული სახლის რეალური გაყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 196-203).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით ქ. და ს. ჯ-ძეების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კასატორებს დაუბრუნდათ წარმომადგენელ თ. ი-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 231-233).
2010 წლის 24 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს ქ. და ს. ჯ-ძეებმა (წარმომადგენელი თ. ი-ძე) და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა.
განცხადების თანახმად, 2010 წლის 10 ივლისს (თარიღი, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით მიჩნეულია ხარვეზის შესახებ განჩინების კასატორებისათვის ჩაბარების დროდ) ქ. და ს. ჯ-ძეები ქ.ბათუმში არ იმყოფებოდნენ. ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინება ხარვეზის შესახებ მათ არ ჩაუბარებიათ. ივლისის პირველ ნახევარში ქ. ჯ-ძის მძიმე ეპილეფსიურმა შეტევებმა, რაც დაამძიმა ტემპერატურის მკვეთრმა ამაღლებამ, განაპირობა კასატორების ბათუმიდან გარკვეული პერიოდით გასვლა. განმცხადებლები ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მიუთითებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბახვის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 16.08.2010წ. ¹949 და ექიმ ი. ფ-ძის 17.08.2010წ. ცნობებზე.
განმცხადებელთათვის გაურკვეველია, თუ ვის მოაწერინა ხელი ფოსტის მუშაკმა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე. სავარაუდოა, რომ ამავე მისამართზე მცხოვრებმა მოპასუხეებმა ფოსტის მუშაკი შეცდომაში შეიყვანეს. ამდენად, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინება, რომლითაც მათ დაევალათ ხარვეზის შევსება, არ ჩაჰბარებიათ. შესაბამისად, მათი მოსაზრებით სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 242-244).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ქ. და ს. ჯ-ძეების განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლები გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებენ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და აღნიშნავენ, რომ მათ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებიათ, ვინაიდან საფოსტო შეტყობინებაში მითითებულ დროს ისინი მათ მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.ბათუმი, ... ¹30) არ იმყოფებოდნენ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, უწინარესად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, კასატორები _ ქ. და ს. ჯ-ძეები არიან ოჯახის წევრები (მამა-შვილი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინების ასლი მათ გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, ... ¹30 (ტომი 2, ს.ფ. 226, 196-203). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით, ასევე შპს “საქართველოს ფოსტის” ექსპლუატაციის დირექტორის 2011 წლის 21 თებერვლის ¹15-21/359 წერილით ირკვევა, რომ შეკვეთილი წერილი ¹434, 07.07.2010წ. (ხარვეზის განჩინება საქმეზე ¹ას-652-613-09) გაგზავნილი მისამართზე: ქ.ბათუმი, ... ¹30, ქ. და ს. ჯ-ძეების სახელზე, ჩაბარდა პირადად ს. ჯ-ძეს 10.07.2010 წელს. აღნიშნული დადასტურებულია შეტყობინებაზე არსებული ხელმოწერით (ტომი 2, ს.ფ. 227, 269). ამდენად, საკასაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ჩაბარებულად ითვლება როგორც ს. ჯ-ძისათვის, ასევე მისი შვილის – ქ. ჯ-ძისათვის.
ქ. და ს. ჯ-ძეებმა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ისინი 2010 წლის 10 ივლისს ქ.ბათუმში არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად ხარვეზის განჩინება არ ჩაბარებიათ, წარმოადგინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბახვის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 16 აგვისტოს და ბახვის საექიმო უბნის ექიმ ი.ფ-ძის 2010 წლის 17 აგვისტოს ცნობები (ტომი 2, ს.ფ. 246, 247). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მტკიცებულებები ვერ აქარწყლებენ ს. ჯ-ძის მიერ 2010 წლის 10 ივლისს ქ.ბათუმში, ... ¹30-ში საფოსტო გზავნილის ჩაბარების ფაქტს, ვინაიდან 2010 წლის 2 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით ს. ჯ-ძის ოჯახის ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დასასვენებლად ყოფნა არ გამორიცხავს მითითებულ პერიოდში ს. ჯ-ძის ქ.ბათუმში ჩასვლის და მის მიერ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინების ჩაბარების შესაძლებლობას.
განმცხადებლები მიუთითებენ ასევე იმ გარემოებაზე, რომ ქ.ბათუმში, ... ¹30-ში მცხოვრებმა მოპასუხეებმა ფოსტის მუშაკი შეცდომაში შეიყვანეს, ვინაიდან მათ ინტერესში შედიოდა საფოსტო გზავნილზე იმის აღნიშვნა, რომ იგი კასატორებმა ან მათი ოჯახის რომელიმე წევრმა ჩაიბარა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლების ვარაუდს ფოსტის მუშაკის შეცდომაში შეყვანის შესახებ, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა. განცხადებაში მითითებული გარემოებების დამტკიცების ტვირთი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მიხედვით, განმცხადებლებს ეკისრებოდათ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს საფუძველი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული ხელმოწერა არასწორად მიიჩნიოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. და ს. ჯ-ძეების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. და ს. ჯ-ძეების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება