ა-2256-ბ-22-2010 8 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი _ ნ. თ-ავა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
განხილვის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 11 ნოემბერს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ბ-ავამ მოპასუხე ე. თ-ავას მიმართ. სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელის მოთხოვნები საბოლოოდ შემდეგნაირად განისაზღვრა: ა. ქობულეთში, ... ¹193-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობა; ბ. საცხოვრებელი სახლის დარჩენილი 1/2 წილიდან მოსარჩელისათვის, როგორც პირველი რიგის თანმყოფი მემკვიდრისათვის, 1/2 წილის გამოყოფა, ანუ მთლიანობაში სახლის 3/4-ზე მესაკუთრედ აღიარება; გ. ე. თ-ავას სახელზე 1994 წლის 29 აგვისტოს გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანა (ტომი I, ს.ფ. 1-5, 58-59).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ მ. თ-ავა და ნ. თ-ავა (ტომი I, ს.ფ. 27-28).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით თ. ბ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 73-76).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სადავო სამკვიდრო ქონების _ ქობულეთში, ... ¹193-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობა; დარჩენილი 1/2 ნაწილიდან მოსარჩელისათვის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრისათვის 1/2 წილის გამოყოფა; სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ტომი I, ს.ფ. 79-85).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით თ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 39-47).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ავამ (წარმომადგენელი ვ. ხ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 58-70).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება თ. ბ-ავასათვის სამკვიდრო წილის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-ავას სარჩელი ქობულეთში, ... ქ. ¹193-ში მდებარე სახლიდან სამკვიდრო წილის გამოყოფის ნაწილში დაკმაყოფილდა; თ. ბ-ავა ცნობილ იქნა ქობულეთში, ... ქ. ¹193-ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილში მემკვიდრედ და მესაკუთრედ, შესაბამისი ცვლილება შევიდა 1994 წლის 29 აგვისტოს ე. თ-ავას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და ქობულეთში, ... ქ. ¹193-ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილი აღირიცხა თ. ბ-ავას საკუთრებად; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
2010 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ. თ-ავამ, რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოცემული საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. თ-ავა, როგორც მოპასუხე მხარე არ მიუწვევიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეს არ ჩაჰბარებია თ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი, განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენის შესახებ. საკასაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითად, დაადგინა ახალი ფაქტები და გარემოებები. არსებულ ვითარებაში ნ. თ-ავას არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა თავისი, როგორც მემკვიდრის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. თ-ავას განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებელ ნ. თ-ავას მსჯელობას, რომ იგი ინფორმირებული არ იყო საკასაციო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, არ გაეგზავნა საკასაციო წარმოების მასალები და არ ყოფილა მიწვეული საკასაციო სასამართლოს სხდომაზე.
საქმის მასალების საფუძველზე დგინდება, რომ ნ. თ-ავა ინფორმირებული იყო საკასაციო სასამართლოში თ. ბ-ავას საკასაციო საჩივრის განხილვის თაობაზე. ამას დასტურებს საქმეში არსებული გზავნილისა და მისი ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომელთა თანახმად, ნ. თ-ავას გაეგზავნა და ჩაჰბარდა თ. ბ-ავას საკასაციო საჩივრისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინების ასლები. აგრეთვე, მას შემდგომ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით თ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგინდა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა, ნ. თ-ავას ეცნობა ამის შესახებ და მოწვეულ იქნა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ნ. თ-ავას არც წერილობით დაუფიქსირებია მისი პოზიცია საკასაციო საჩივრის მიმართ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვითარებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის წარმოების მთელი მასალებიდან გამომდინარე, ნ. თ-ავას არასოდეს გამოუვლენია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის საგნის მიმართ. დავა, ფაქტობრივად, მიმდინარეობდა მხოლოდ თ. ბ-ავასა და ე. თ-ავას შორის, რეალურად, თ. ბ-ავას სასარჩელო მოთხოვნის ადრესატს წარმოადგენდა მხოლოდ ე. თ-ავა, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები გამოტანილ იქნა მხოლოდ მოპასუხე ე. თ-ავას მიმართ, ნ. თ-ავას არ ჰქონია თავისი დამოუკიდებელი მოთხოვნა მოცემულ საქმეზე და არც რაიმეზე განუცხადებია პრეტენზია. ამდენად, პროცესუალურად ნ. თ-ავას მონაწილეობას საქმეში დავის გადაწყვეტაზე არ მოუხდენია გავლენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ბ-ავას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.