ა-2948-ბ-29-2010 21 მარტი, 2011 წელი
თბილისი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ.კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – რ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს .... კომპანია «...»
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ა-ძემ მოპასუხე საქართველოს ...კომპანია «...» მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით რ. ა-ძის სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი (ს.ფ. 60-61).
ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით რ. ა-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 101).
აღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ა-ძემ და მოითხოვა მათი გაუქმება (ს.ფ. 112-114).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 184-185).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ა-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება (ს.ფ. 192-198).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით რ. ა-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (ს.ფ. 238-240).
2010 წლის 06 დეკემბერს რ. ა-ძემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება (ს.ფ. 252-276).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით რ. ა-ძეს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა (278-280).
2010 წლის 16 და 17 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებებით მომართეს რ. ა-ძის მშობლებმა – თ. ა-ძემ და ლ. ც-ძემ და მოითხოვეს რ. ა-ძის კანონიერ წარმომადგენლებად ცნობა და ხარვეზის შევსებულად მიჩნევა (ს.ფ. 285-293).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. ა-ძის და ლ. ც-ძის შუამდგომლობა რ. ა-ძის კანონიერ წარმომადგენლებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა და რ. ა-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ. 295-299).
2011 წლის 20 იანვარს რ. ა-ძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, ასევე საქმეზე საპროცესო თანამოსარჩელეებად მისი მშობლების ცნობა (ს.ფ. 306-315).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით რ. ა-ძის შუამდგომლობა საქმეში საპროცესო თანამოსარჩელეებად მისი მშობლების _ თ. ა-ძისა და ლ. ც-ძის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; რ. ა-ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად; რ. ა-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით სასამართლომ დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა (ს.ფ. 316-319).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლო არ გაცნობია რ. ა-ძის საჩივრის შინაარსს, მის მიერ წარდგენილ ფაქტობრივ-სამართლებრივ მონაცემებს, მის არგუმენტებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებულ კანონდარღვევებზე; სასამართლომ უგულებელყო მისი შუამდგომლობა საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე; სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე, რის შესახებაც მხარისათვის არ უცნობებია; განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მოთხოვნები (ს.ფ. 252-260, 306-314).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, რ. ა-ძის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე, რის შესახებაც მისთვის არ უცნობებია. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში საკასაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, მისაღებია თუ არა წარმოებაში საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის, ისევე როგორც კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების (დასაშვებობის) საკითხის შემოწმების სტადიაზე, საქმის განხილვის ფორმის შესახებ მხარეების ინფორმირების საპროცესო ვალდებულება სასამართლოს არ აკისრია, ასეთ რამეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მითითებულ საკითხზე მხარეთა ინფორმირების ვალდებულება სასამართლოს მას შემდეგ წარმოეშობა, როდესაც საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) დასაშვებობის (წარმოებაში მიღების) საკითხი გადაწყდება. ამდენად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტით კანონი არ დაურღვევია, ამასთან, დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე მხარის ინფორმირების საპროცესო ვალდებულება მას არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მოთხოვნები. კანონის ამ ნორმით დადგენილია საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის წესი, თუმცა მისი მე-3 ნაწილი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშეც. საკითხი იმის შესახებ, თუ საქმის განხილვის რომელი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად სასამართლოს გადასაწყვეტია, რა დროსაც როგორც წესი მხედველობაში მიიღება განსახილველი საქმის სირთულე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მუხლი გამოიყენება საკასაციო (კერძო) საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, ხოლო მათი დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიაზე სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. ამდენად, ზემოხსენებული ნორმები საკასაციო სასამართლოს არ ავალდებულებენ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას.
გასაჩივრებული განჩინების ბათილობის საფუძვლად განმცხადებლის მიერ დასახელებული დანარჩენი გარემოებები, კერძოდ, განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ: სასამართლო არ გაეცნო მისი საჩივრის შინაარსს, მის მიერ წარდგენილ ფაქტობრივ-სამართლებრივ მონაცემებს, მის არგუმენტებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებულ კანონდარღვევებზე, ვერ გახდება სადაო განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მითითებულ გარემოებებზე ვერ იმსჯელებს, რამდენადაც აღნიშნული სცილდება საქმის წარმოების განახლების ფარგლებს. გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დასახელებული ზემომითითებული გარემოებები არ განეკუთვნებიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის არც ერთ საფუძველს. შესაბამისად, მათზე დაყრდნობით განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლების არსებობას, რის გამოც განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ა-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.