ა-435-ბ-5-2011 20 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი_ ლ. ს-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ს-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ლ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ლ. ს-შვილის წარმომადგენელმა მ. ს-ძე და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივებით: საკასაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოს კასატორმა წარუდგინა 2010 წლის 28 დეკემბერს, რაც არ შეეფერება რეალობას. ის ფაქტი, რომ საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დაცვით 2010 წლის 24 დეკემბერს ჩაჰბარდა ფოსტას სასამართლოში გასაგზავნად დადასტურებულია ფოსტის შესაბამისი ზედდებულის ასლით, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2010 წლის 24 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა საკასაციო საჩივარი საქმეზე ¹2ბ/420-10, ხოლო 2010 წლის 28 დეკემბერს ფოსტის მიერ საკასაციო საჩივრის სასამართლოში შეტანა არ შეიძლება ჩაითვალოს ვადის დარღვევად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძვლით განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე განმარტა, რომ ლ. ს-შვილი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, იღებს შემწეობას, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო ლეილა სამებელაშვილის წარმომადგენლის მ. ს-ძის განცხადბას და თანდართულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით დანუხილველი დარჩა ლ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმა ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარემ შეიტყო ისეთი გარემოება ან მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მისთვის საქმის განხილვის დროს ობიექტური მიზეზით ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა ასეთ გარემოებასა თუ მტკიცებულებას შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე და მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ფოსტის ზედდებულის ასლს (¹000400666), რითაც დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დაცვით წარადგინა 2010 წლის 24 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ფოსტის ქვითარი ადასტურებს, რომ განმცხადებელმა საკასაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ს-შვილის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმეზე წარმოება განახლდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ს-შვილის საკასაციოAსაჩივარი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
კასატორი ლ. ს-შვილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად, მისი საკასაციო საჩივარი, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391--ე მუხლით, 401-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, და 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და და
დ ა ა დ გ ი ნ ა:L
ლ. ს-შვილის წარმომადგენლის მ.ს-აძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება.
ლ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი.
მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში წარმოადგინოს საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკასაციო პალატა განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.