ა-522-ბ-8-2011 10 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები – დ. ე-ძე, ნ. ე-ძე, ხ. ე-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ე-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ე-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ც. ე-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქურქის ღირებულების _ 2000 ლარის დაკისრება.
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ე-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ე-ძის შვილმა ხ. ე-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ხ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ე-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ხ. ე-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2011 წლის 28 თებერვალს დ. ე-ძემ, ნ. ე-ძემ და ხ. ე-ძემ განცხადებით მიმართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებისა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო განცხადების შინაარსს და მიაჩნია, რომ დ. ე-ძის, ნ. ე-ძისა და ხ. ე-ძის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.
განსახილველ შემთხვევაში, დ. ე-ძე, ნ. ე-ძე და ხ. ე-ძე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, განხილულ იქნა მხოლოდ ხ. ე-ძის კერძო საჩივარი, რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საგანი ვერ გახდება. ამდენად, დ. ე-ძეს, ნ. ე-ძეს და ხ. ე-ძეს, საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული განცხადება, განსჯადობის წესის დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა წარედგინათ განსჯადი სასამართლოსათვის, კერძოდ, ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოსათვის.
რაც შეეხება ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობას, აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტი.
ამდენად, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, დ. ე-ძის, ნ. ე-ძისა და ხ. ე-ძის განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ე-ძის, ნ. ე-ძისა და ხ. ე-ძის განცხადება ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.