¹ა-1542-ა-12-2011 23 ივნისი, 2011 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – დ. ე-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ე-ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 25 მაისს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სარჩელით მიმართა დ. ე-ძემ მოპასუხე ც. ე-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან კუთვნილი ვალის დაბრუნება 2000 ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე (ციტრუსების ბიზნესი) ზ. ა-ძეს ჰქონდა მოსარჩელის ვალი 18000 აშშ დოლარი. ვალის დარჩენილი ნაწილი 5000 აშშ დოლარი, ზ. ა-ძის ძმამ და ძმისშვილმა, თ. და ე. ა-ძეებმა, დაახლოებით 5-7 წლის წინ, თბილისიდან მოსარჩელისათვის გადასაცემად გამოატანეს ა. და დ. ე-ძეებს. მათ აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის არ მიუტანიათ და თვითონ დახარჯეს. მოსარჩელე მათგან ითხოვდა ვალის დაბრუნებას, სარჩელის აღძვრამდე მათ გადახდილი ჰქონდათ დაახლოებით 1000 დოლარამდე, შემდეგ შეწყვიტეს ვალის გადახდა. მოპასუხე ც. ე-ძე არის ა. და დ. ე-ძეების ქურდული, ყაჩაღური ოჯახის წევრი და მოლარე, ამიტომ ვინაიდან ა. და დ. ე-ძეები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო ძებნაში იმყოფებიან, მათ ვალებზე პასუხი უნდა აგოს ც. ე-ძემ.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ც. ე-ძის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი არ იყო სათანადო მოპასუხე. აქედან გამომდინარე, მან იშუამდგომლა ც. ე-ძის სათანადო მოპასუხეებით _ ა. და დ. ე-ძეებით შეცვლის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე იმ მოტივით, რომ სათანადო მოპასუხეები, ა. და დ. ე-ძეები იმყოფებოდნენ რუსეთში, ხოლო ც. ე-ძე იმყოფებოდა ლანჩხუთში, ამიტომ, ეს უკანასკნელი შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას და შვილისა და მეუღლის ვალებზე პასუხისმგებლობის აღებას (ს.ფ. 54-55).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ე-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო ^თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ე-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დ. ე-ძე სარჩელის მოთხოვნას ც. ე-ძისათვის თანხის 2000 ლარის დაკისრების შესახებ ასაბუთებდა იმით, რომ თ. და ე. ა-ძეებს, დ. ე-ძესთან ერთად ნაწარმოები ციტრუსის ბიზნესის გამო, ემართათ დ. ე-ძის ვალი. ამ თანხის ნაწილი 5000 აშშ დოლარი, ა-ძეებმა დ. ე-ძისათვის გადასაცემად გაატანეს დ. და ა. ე-ძეებს, რომლებმაც ეს თანხა მიითვისეს და დ. ე-ძეს არ გადასცეს. ც. ე-ძე წარმოადგენდა დ. და ა. ე-ძეების ოჯახის წევრს, მან იცოდა აღნიშნული გარემოებების შესახებ, რაც ც. ე-ძის მიერ ვალის ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
საქმის მასალებიდან და თავად მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასახელებულ მოპასუხეს _ კონკრეტულად ც. ე-ძეს არ დაურღვევია მოსარჩელის უფლება. თავად მოსარჩელის განმარტებით, 5000 დოლარი მიითვისეს ა. და დ. ე-ძეებმა. მოპასუხე ც. ე-ძისათვის თანხის დაკისრებას მოსარჩელე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი იყო უფლების დამრღვევთა ოჯახის წევრი და ამიტომ თავადაც იყო ვალდებული აენაზღაურებინა მისი ოჯახის წევრების მიერ უკანონოდ მითვისებული თანხა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოპასუხის დასახელებაზე უფლებამოსილი პირი მოსარჩელეა, სასამართლო ვერ შეცვლის მოსარჩელის მიერ დასახელებულ მოპასუხეს სხვა მოპასუხით მოსარჩელის თანხმობის გარეშე. თუ მოსარჩელე არაა თანახმა არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლაზე, მაშინ სასამართლო გამოიტანს გადაწვეტილებას და უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა დ. ე-ძის სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, დაეთანხმა მას, და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელი, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ე-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხე ც. ე-ძეს დაეკისრება ვალის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით დ. ე-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2011 წლის 06 მაისს დ. ე-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინების; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით დ. ე-ძის განცხადება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებით დ. ე-ძეს დაუდგინდა ხარვეზი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ», ,,გ», ,,დ» და ,,ე» ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის განჩინება განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 06 ივნისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის წარმოების განახლების შესახებ დ. ე-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით დ. ე-ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ», ,,გ», ,,დ» და ,,ე» ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა დ. ე-ძეს 2011 წლის 06 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, დ. ე-ძისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 07 ივნისიდან და ამოიწურა ამავე წლის 13 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განმცხადებელს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 17 ივნისს ხატია ე-ძის მიერ წარმოდგენილი განცხადება კი დ. ე-ძის განცხადებაზე ხარვეზის შევსებად ვერ მიიჩნევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დ. ე-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ე-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.