ა-1053-შ-21-2010 27 სექტემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ა-შვილის (წარმომადგენელი ლ. კ-ძე) შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1993 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-229/1993წ.) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1993 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2-229/1993წ.) ვ. მ.-ის ძე კ-ევს, მცხოვრებს ქ. თბილისში, ... ქ. ¹2, ბინა ¹61, გ. ე.-ის ასულ ა-შვილსა და ქ. ი.-ს ასულ მ-შვილს, მცხოვრებლებს მისამართზე: ქ. ... ¹41, შორის დადებული გარიგება საცხოვრებელი ფართების გაცვლის შესახებ აღიარებულ იქნა შესრულებულად. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1993 წლის 22 ივლისს.
2010 წლის 13 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ა-შვილმა, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქათველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით გ. ა-შვილის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-შვილის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი შუამდგომლობით გ. ა-შვილი ითხოვს ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1993 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-229/1993წ.) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც, ერთი მხრივ, ვ. მ.-ის ძე კ-ევს, ხოლო მეორე მხრივ, გ. ე.-ის ასულ ა-შვილსა და ქ. ი.-ს ასულ მ-შვილს შორის დადებული გარიგება საცხოვრებელი ფართების გაცვლის შესახებ აღიარებულ იქნა შესრულებულად. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 1993 წლის 22 ივლისიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოდგენილია სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით, რამდენადაც შუამდგომლობა ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1993 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წარმოდგენილია კანონის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, 2010 წლის 13 მაისს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ _ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება. ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1993 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, შუამდგომლობა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-შვილის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1993 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-229/1993წ.) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.