Facebook Twitter

ა-1090-შ-22-2010 15 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე - მცირე კერძო საწარმო “...” სარჩელის გამო მოპასუხე შპს “დ.”-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურების გადახდის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მცირე კერძო საწარმო “...” სარჩელი აღძრა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოში შპს “დ.”-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “დ.”-ს დაევალა გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს მცირე კერძო საწარმო “...” მიუწოდებელი საქონლის 23 500 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად 2610 აშშ დოლარი, სულ 26 110 აშშ დოლარი.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.

მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენელმა გ. ბ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე შპს “დ.”-ს. საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს “დ.”-ს დირექტორს უ. გ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 10 ივნისს.

2010 წლის 18 ივნისს შპს “დ.”-ს დირექტორმა უ. გ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა.

2010 წლის 3 აგვისტოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ი.პობირჩენკომ წერილით მიმართა საკასაციო პალატას, სადაც მიუთითა, რომ მოპასუხე შპს “დ.” უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონის შესაბამისად.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “დ.”-ს დირექტორ უ. გ-ძის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განხილულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მცირე კერძო საწარმო “...” სარჩელი აღძრა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოში შპს “დ.”-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “დ.”-ს დაევალა გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს მცირე კერძო საწარმო “...” მიუწოდებელი საქონლის 23 500 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად 2610 აშშ დოლარი, სულ 26 110 აშშ დოლარი.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.

მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენელმა გ. ბ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მცირე კერძო საწარმო “...” წარმომადგენლის გ. ბ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “დ.”-ს დაევალა გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს მცირე კერძო საწარმო “...” მიუწოდებელი საქონლის 23 500 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად 2610 აშშ დოლარი, სულ 26 110 აშშ დოლარი - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

გ. ბ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.