საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №15I -21 თბილისი
ლ–ა ვ., 15I -21 15 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ლ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ლ–ს პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ. ლ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ვ. ლ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ვ. ლ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2019 წლის 25 თებერვლიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ლ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ლ–მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ ვ. ლ–ს მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „გ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა მითვისება ან გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ან - მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით (182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში ვ. ლ–ა მსჯავრდებულია დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ: მან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.
3. ამდენად, მსჯავრდებულ ვ. ლ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ. ლ–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ლ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. გაჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე