Facebook Twitter

ა-1302-შ-31-2010 6 ივლისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა `L-ის (წარმომადგენელი გ. ბ-ძე) შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით `L-ს (წარმომადგენელი გ. ბ-ძე) დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დაევალა: დაზუსტება, აქვს თუ არა მოსარჩელეს ან მოპასუხეს საქართველოში ადგილსამყოფელი, წარმომადგენლობა (ფილიალი) და განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის დასაბუთება; დაზუსტება, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია თუ არა აღსასრულებელი გადაწყვეტილების სრული ტექსტი; კომპეტენტური პირის მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა, რომ გ. ბ-ძის მიმართ რწმუნებულების გამცემი პირი _ ო. შ-ინი `L-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია.

შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც თან დაურთო ო. შ-ინის `L-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებაში დასაბუთებულია, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, წარმოდგენილია სრული სახით. შუამდგომლობის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხე ჭილლის თრადინგ Lიმიტედ-ს (გიბრალტარის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია) არ გააჩნია საქართველოში ფილიალი ან უძრავი ქონება და არც მოსარჩელე (შუამდგომლობის ავტორი) `L-ს (შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია) აქვს საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი). მიუხედავად ამისა, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების დამაბრკოლებელი გარემოება, რამდენადაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის მიზანშეწონილების დადგენის ერთადერთი კანონიერი კრიტერიუმი (გარდა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა) არის გადაწყვეტილების აღსრულებადობა, ანუ ექვემდებარება თუ არა იგი საქართველოში აღსრულებას (“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი). შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოში აღსრულებას, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მოპასუხის საკუთრებაში მყოფი აქტივი (ნავთობპროდუქტების სახით), რომლის საშუალებითაც უფლების სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება არის შესაძლებელი და არანაირი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, ასეთი აქტივი უძრავი თუ მოძრავი ქონების სახით იქნება.

საკასაციო სასამართლომ განიხილა შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ ხარვეზი სრულად არ არის შევსებული, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვის კომპეტენციის ქონის ნაწილში, რის გამოც შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

შუამდგომლობის ავტორის განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხე ჭილლის თრადინგ `L-ს არ გააჩნია საქართველოში ფილიალი ან უძრავი ქონება და არც მოსარჩელე `L-ს აქვს საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი). საკასაციო სასამართლო ეთანხმება შუამდგომლობის ავტორის მსჯელობას, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესაძლებლობის არსებობა შუამდგომლობის განხილვისათვის უკვე საკმარისი პირობაა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი შესაძლებლობის არსებობა მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული. ასეთ დასაბუთებას არ წარმოადგენს შუამდგომლობაზე თანდართული კომპანია “ს-ის” ცნობა, რომ 2010 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით ბათუმის ტერმინალში მოპასუხე ვილის ტრეიდინგის, როგორც ტვირთმიმღების სახელზე ინახება 1,791.906 მეგა ტონა გოგირდის დაბალი შემცველობის გაზოილი, 4,791 მეგა ტონა ნაფტა. აღნიშნული არ არის მოპასუხე ჭილლის თრადინგ `L-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ნავთობპროდუქტების საკუთრებაში ქონის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. ცნობა, რომელიც საქმეში წარმოდგენილია ქსეროასლის სახით, საუბრობს 2010 წლის 15 თებერვლის მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც საქმესთან შემხებლობა აქვს საქმის განხილვისათვის არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა, ცნობის გამცემად მითითებულია კომპანია “ს-ი”, რომლის კომპეტენცია, გამოიკვლიოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების საკითხები, არ არის დასაბუთებული. ამასთან, სატრანსპორტო დოკუმენტაციაში პირის ტვირთმიმღებად დასახელების ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს ნივთზე ამ პირის საკუთრების ფაქტის დადგენას.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ _ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რაც მისი განუხილელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. `L-ის (წარმომადგენელი გ. ბ-ძე) შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. `L-ს (წარმომადგენელი გ. ბ-ძე) დაუბრუნდეს გ. ბ-ძის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.