Facebook Twitter

¹ა-135-შ-2-11 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თ. თოდრია, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ჰ. შ. მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბაქოს ... განყოფილება

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ჰ. შ. მ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ჰ. შ. მ. გ-ის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის შენიშვნებში შეტანილ იქნა ცვლილება და სახელის გრაფაში მიეთითა სახელი სევინჯი, სხვა აღნიშვნები კი უცვლელად იქნა დატოვებული.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ჰ. შ. მ. გ-იმ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2010 წლის 7 ივნისს და იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე (დაინტერესებული) მხარე _ ქ.ბაქოს ... განყოფილება სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. შ. მ. გ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ჰ. შ. Mმ. გ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.

ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

ზემოთმითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 285-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჰ. შ. მ. გ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე