ა-136-შ-3-2011 23 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ო. ი-ენკო
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ა-ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძეს დაეკისრა ო. ი-ენკოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (2006 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. ი-ენკო) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ 300 გრივნის გადახდა 2009 წლის 5 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო შესაკრებელი 51 გრივნის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 5 ოქტომბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ო. ი-ენკომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ო. ი-ენკოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. ი-ენკოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძეს დაეკისრა ო. ი-ენკოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (2006 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. ი-ენკო) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ 300 გრივნის გადახდა 2009 წლის 5 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო შესაკრებელი 51 გრივნის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 5 ოქტომბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ი-ენკოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად თ. ა-ძეს დაეკისრა ო. ი-ენკოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (2006 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. ი-ენკო) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ 300 გრივნის გადახდა 2009 წლის 5 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.