ა-1592-შ-29-2011 27 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. ბ-ძე
წარმომადგენელი _ ც. შ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ჰ. კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ლეერის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ლეერის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ძესა და ჰ. კ-სს შორის 2003 წლის 11 აპრილს იემგუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ¹1/2003 ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 5 ივლისს.
თ. ბ-ძის წარმომადგენელმა ც. შ-იამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ლეერის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
2011 წლის 16 მაისს ჰ. კ-მა წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა გერმანიის ლეერის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით თ. ბ-ძის წარმომადგენელ ც. შ-იას შუამდგომლობა გერმანიის ლეერის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ბ-ძის წარმომადგენელ ც. შ-იას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო უმთავრესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.
დასახელებული ნორმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის იმპერატიულად ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას და აღნიშნული განისაზღვრება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლით.
განსახილველ შემთხვევაში, თ. ბ-ძის წარმომადგენელ ც. შ-იას შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 5 ივლისს, შუამდგომლობის ავტორმა კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართა 2011 წლის 11 მაისს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საოჯახო წიგნიდან ამონაწერით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც საქართველოს ტერიტორიაზე შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები, თ. ბ-ძის წარმომადგენელ ც. შ-იას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ძის წარმომადგენელ ც. შ-იას შუამდგომლობა გერმანიის გერმანიის ლეერის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.