Facebook Twitter

¹ა-1647-შ-38-2010 10 იანვარი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ზ. დ-ელ (ჭ-შვილი)

წარმომადგენელი _ დ. ჭ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. დ-ელ

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 22 აპრილის განაჩენით საქართველოში, საგარეჯოს რაიონში ლ. დ-ელსა და ზ. დ-ელს შორის 2004 წლის 1 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება დაირღვა.

ზ. ჭ-შვილის (დ-ელის) წარმომადგენელმა დ. ჭ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობაზე დართული ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 22 აპრილის განჩენით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული 2008 წლის 22 აპრილს, ასევე ირკვევა, რომ ლ. დ-ელი მონაწილეობდა საქმის განხილვაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, ზ. ჭ-შვილის (დ-ელის) წარმომადგენელ დ. ჭ-შვილის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დ. ჭ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა, სადაც სათანადოდ მიეთითებოდა მარწმუნებლის სახელით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარის წარმომადგენელ დ.ჭ-შვილს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 27 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში დ.ჭ-შვილს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ზ. ჭ-შვილის (დ-ელის) წარმომადგენელ დ. ჭ-შვილის შუამდგომლობა ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ზ. ჭ-შვილის წარმომადგენელმა დ.ჭ-შვილმა და მოითხოვა ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, ზ. ჭ-შვილის (დ-ელის) წარმომადგენელ დ. ჭ-შვილის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დ. ჭ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა, სადაც სათანადოდ მიეთითება მარწმუნებლის სახელით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარის წარმომადგენელ დ.ჭ-შვილს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 27 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათით უდავოდ დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 20 დღით დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება დ.ჭ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 27 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 დეკემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ.ჭ-შვილის (დ-ელის) წარმომადგენელ დ.ჭ-შვილის შუამდგომლობა ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ჭ-შვილის (დ-ელის) წარმომადგენელ დ.ჭ-შვილის შუამდგომლობა ულმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.