Facebook Twitter

ბს-1246-821(კ-05) 4 აპრილი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია

კასატორი _ ცი. ფ-ე, წარმომადგენელი ცე. ფ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (არ გამოცხადდა)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სოციალური დახმარების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 16 დეკემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ცე. ფ-ემ მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, მისი ოჯახის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებოდა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 35 ლარის გადახდა 2004 წლის მაისიდან.

მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილება ითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

ც. ფ-ის ოჯახი ცხოვრობდა თერჯოლის რაიონის სოფელ ........-ში. მის მშობლებს _ ცი. და ა. ფ-ეებს ჰყავდათ ათი შვილი, რომელთაგან ოთხი იყო არასრულწლოვანი. «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, 2004 წლის მაისიდან განისაზღვრა 35 ლარის ოდენობით სოციალური დახმარების გაწევა იმ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავდათ შვიდი და მეტი 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელემ აღნიშნული სოციალური დახმარების მიღების თხოვნით მიმართა ჯერ თერჯოლის რაიონის გამგეობის სოციალურ განყოფილებას, შემდეგ კი _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალურ დეპარტამენტს, მაგრამ დახმარების გაცემაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, დახმარება მიეცემოდა იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავდათ შვიდი არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელის მოსაზრებით, დახმარების გაცემაზე უარი გამოწვეული იყო კანონის არასწორი განმარტებით.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის სხდომაზე არასათანადო მოსარჩელე ცე. ფ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ ცი. ფ-ით (ს.ფ.19).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავდათ შვიდი და მეტი 18 წლამდე ბავშვი, სოციალური დახმარების მიზნით ყოველთვიურად ეძლეოდათ დახმარება 35 ლარის ოდენობით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოსარჩელეს დანიშვნოდა დახმარება, მას უნდა ჰყოლოდა ოჯახში შვიდი და მეტი 18 წლამდე ბავშვი. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახში იყო მხოლოდ ოთხი არასრულწლოვანი, რის გამოც შეუძლებელი იყო სარჩელის დაკმაყოფილება.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცი. ფ-ის წარმომადგენელმა ცე. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტი. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავდათ შვიდი და მეტი შვილი, რომელთაგან დახმარებას მიიღებდნენ მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვები, თითოეული 35 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ივლისის განჩინებით ცი. ფ-ის წარმომადგენელ ცე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ფ-ეს ჰყავდა ათი შვილი, რომელთაგან 18 წლამდე იყო მხოლოდ ოთხი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის «ე» ქვეპუნქტის განმარტება და მიიჩნია, რომ მითითებული კანონი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავდათ შვიდი ან მეტი 18 წლამდე ბავშვი, ანუ დახმარების მიღებისათვის აუცილებელი იყო, ოჯახის წევრი შვიდი ბავშვი მაინც ყოფილიყო არასრულწლოვანი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ცი. ფ-ის წარმომადგენელმა ცე. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდებოდა მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავდათ შვიდი და მეტი შვილი, რომელთაგან დახმარებას მიიღებდნენ მხოლოდ 18 წლამდე ბავშვები, თითოეული 35 ლარის ოდენობით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო არასწორი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ცი. ფ-ის წარმომადგენელ ცე. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო ამა თუ იმ სადავო სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს შესაბამისი კანონის სწორი შეფარდების საფუძველზე, რაც ხორციელდება კანონის სწორი განმარტების, ანუ მისი ნამდვილი აზრის გარკვევის, სიტყვათა შესაბამის წყობაში გამოვლენილი კანონმდებლის განზრახულების ამოხსნის გზით. კანონის განმარტებას ერთგვარი სირთულე ახლავს იმ შემთხვევებში, როდესაც ნორმა აზრობრივად არ არის ცხადი და თანმიმდევრული ან მისი პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს, ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას.

კანონის მხოლოდ სიტყვასიტყვითი (გრამატიკული) მნიშვნელობით ვიწრო გაგების პრინციპზე დიდი ხანია უარი თქვა იურისპრუდენციამ. იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება წინააღმდეგობაშია კანონის მიზანთან, სასამართლომ ნორმაშეფარდების პროცესში უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ წარმოიშობა აღნიშნული ნორმის სხვა ხერხებით განმარტების აუცილებლობა და მათ შორის, ხომ არ უნდა იმოქმედოს კანონის ობიექტური მიზნიდან გამომდინარე, სამართლით, რომელიც გამომდინარეობს არსებული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან, ამავე მართლწესრიგის ფარგლებში და უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სამართლიან გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა თუ როგორ უნდა განიმარტოს «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სოციალური შეღავათის (თვეში 35 ლარი) მიღების სუბიექტებად მიჩნეულ უნდა იქნენ თუ არა მხოლოდ ისეთი ოჯახები, რომელთაც შვიდი და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, როგორც აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით იკითხება, ხოლო მოსარჩელის მრავალშვილიან ოჯახზე ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს.

ზემომითითებული მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტი ითვალისწინებს: «განისაზღვროს 2004 წლის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების ოდენობა ... მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვი _ 35 ლარით».

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს ამ თვალსაზრისით სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლის მიერ სადავო ნორმის შემოღების ობიექტური მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სახელმწიფოებრივი სტიმულირება და ამით, შესაბამისად, ერის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, სოციალური დაცვის მექანიზმის გაძლიერება. აღნიშნული დასკვნა საკასაციო სასამართლოს გამოაქვს იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა მოცემულია წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომელიც «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის პირველი და მე-5 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, აწესრიგებს სახელმწიფოს ძირითადი ფინანსური გეგმის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი _ საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების კონკრეტული რეალიზაციის (დაფინანსების) საკითხებს. «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის სადავო მე-11 მუხლის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სოციალური პროგრამის დაფინანსება მრავალშვილიანი ოჯახების სტიმულირების მიზნით. თავის მხრივ, ასეთი მიდგომა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გარანტირებული სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მიზანთან. ამიტომ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგება მრავალშვილიანი ოჯახების სახელმწიფოებრივი სტიმულირების საჯარო მიზანს და ვერ უზრუნველყოფს ამ თვალსაზრისით სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. დაუშვებელია სოციალური დაცვის გარანტიების გარეშე ისეთი მრავალშვილიანი (შვიდშვილიანი და მეტი) ოჯახის დატოვება, რომელსაც ჰყავს ექვსი არასრულწლოვანი შვილი, ჩვენი სახელმწიფოს მართლწესრიგისთვის მიუღებელია, ასეთი ოჯახი იმყოფებოდეს სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების მიღმა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ოჯახში ერთდროულად შვიდი არასრულწლოვანი ბავშვის ყოლა ნაკლებად არის თანამედროვე ყოფიერებისთვის რეალური, ხოლო დედის ფიზიოლოგიური მდგომარეობისთვის _ შესაძლებელი. კანონმდებლის მიზანი კი, რომელიც დროსა და სივრცეში მოქმედ სამართალს ქმნის, არ შეიძლება იყოს ნაკლებად რეალური, აღუსრულებადი და შეუძლებელი ურთიერთობების განვითარება ან სტიმულირება. კანონის ამგვარი გაგებით ვიღებთ საპირისპირო შედეგს: ერის დემოგრაფიული მდგომარეობის არარეალურ სტიმულირებას, ჯანსაღი ურთიერთობების განვითარების დაბრკოლებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნამდვილი მიზნისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სადავო ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს იმგვარი შინაარსით, რომ ამ ნორმით განსაზღვრული შეღავათი მიეცეს მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს შვიდი და მეტი შვილი, რომელთა შორის არის არასრულწლოვანი. საკასაციო სასამართლო, სადავო ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, შეზღუდულია, უფრო ფართოდ განმარტოს იგი, ვინაიდან კანონმდებელი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მოცემულ შემთხვევაში შვიდშვილიანი ოჯახების დახმარებაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ცი. ფ-ეს ჰყავს ათი შვილი, რომელთაგან 18 წლამდე არის მხოლოდ ოთხი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის ოჯახი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი სოციალური შეღავათის მოპოვების პირობას. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, 35 ლარის ოდენობით სოციალური შეღავათის მიღების უფლებით სარგებლობს თითოეული არასრულწლოვანი ბავშვი და არა უშუალოდ ოჯახი. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის პირველ აბზაცშია ჩამოყალიბებული, მითითებული შეღავათების მიმღები სუბიექტებია უშუალოდ ოჯახები და არა ოჯახის კონკრეტული წევრები.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არასათანადო მოპასუხის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით. «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან სახსრები გამოეყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რომელმაც უნდა მოახდინოს აღნიშნული სოციალური შეღავათის გაცემა, რის გამოც სწორედ იგი წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი კანონის სწორი განმარტებისა და გამოყენების საფუძველზე, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი განმარტებისა და სათანადო მოპასუხის სწორად განსაზღვრის გზით უნდა გადაწყვიტოს სადავო საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ცი. ფ-ის წარმომადგენლის _ ცე. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.