Facebook Twitter

ა-1867-შ-44-2010 13 დეკემბერი, 2010 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ დახურული სააქციო საზოგადოება “ა.”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “აი. კომპანის” საქართველოს ფილიალი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის დადგენილება

დავის საგანი – ყადაღის დადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის დადგენილებით დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-ს” მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო საქართველოში შპს “აი. კომპანის” რეესტრის ¹70172, მდებარე ნიდერლანდების ანტილებზე, კურასაოში, ... ქ. 45, კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას 8683591,27 ღირებულებით და საკუთრების უფლებებს, დაყადაღებული ქონების განკარგვის აკრძალვით. მოპასუხე შპს “აი. კომპანის” ქონებისა და საკუთრების უფლებების არარსებობის ან სარჩელის დასაკმაყოფილებლად მათი არასაკმარისი ღირებულების შემთხვევაში, ყადაღას ექვემდებარება მოპასუხის ფულადი სახსრები, არა უმეტეს 8683591,27 LთL-ისა.

დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-მ” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-ს” შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

მოპასუხე შპს “აი. კომპანის” საქართველოს ფილიალის წარმომადგენელმა მ. ა-ელმა წარმოადგინა მოსაზრება განსახილველ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. იგი არ დაეთანხმა ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შემდეგი გარემოების გამო: ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლომ განიხილა საქმე დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-სა” და შპს “აი. კომპანის” საქართველოს ფილიალს შორის დავაზე, სადაც დავის საგანი არის ხელშეკრულების მოშლის უკანონოდ ცნობა, 2008-2009 წლების განმავლობაში იუღებელი შემოსავლების ანაზღაურება, 2007-2008 წლების მარკეტინგული ხარჯებისა და პროდუქციის ხელმოერედ შეფუთვის ხარჯების ანაზღაურება. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება იმავეე მხარეებს შორის იმავე დავის საგნაზე. “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კი არსებობს მოცემულ საკითხზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ასევე, შპს “აი. კომპანის” საქართველოს ფილიალის წარმომადგენელმა მ. ა-ელმა განმარტა, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში კი ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. ლიტვის რესპუბლიკის დადგენილების თანახმად, ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას, ანუ კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელ ქონებას უნდა დაედოს ყადაღა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “აი. კომპანის” საქართველოს ფილიალის წარმომადგენელ მ. ა-ელის მოსაზრებით, არ უნდა მოხდეს ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის 2010 წლის 3 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის აღმძვრელი პირის წარმომადგენლს ჩაჰბარდა მოპასუხის მოსაზრება კანონით დადგენილი წესით, რაზეც მას საწინააღმდეგო არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-ს” შუამდგომლობა ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება ყადაღის დადების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. ამასთან, განსახილველი დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ყადაღა დაედოს მოპასუხის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას და არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელ ქონებას უნდა დაედოს ყადაღა. საქართველოს კანონმდებლობით კი ზუსტად უნდა განისაზღვროს, დასაყადაღებელი ქონების მოპასუხის საკუთრებაში არსებობა, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხოლოდ კონკრეტული მტკიცებულებებით შეიძლება დადასტურდეს ნივთის მესაკუთრის ვინაობა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ლიტვის რესპუბლიკის ქ.ვილნიუსის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე, სადაც მხარეები იყვნენ დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-” და შპს “აი. კომპანი”, ხოლო დავის საგანი არის ხელშეკრულების მოშლის უკანონოდ ცნობა, 2008-2009 წლების განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, 2007-2008 წლების მარკეტინგული ხარჯებისა და პროდუქციის ხელმეორედ შეფუთვის ხარჯების ანაზღაურება. ამავდროულად, იმავე მხარეებსა და იმავე დავის საგანზე ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მიერ 2010 წლის 26 მარტს გამოტანილია გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 17 მაისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-ს” შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დახურული სააქციო საზოგადოება “ა.-ს” შუამდგომლობა ლიტვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.