¹ ა-1901-შ-45-2010 20 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ს. ა-იანი
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ა-იანი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ფინეთის ქ.ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფინეთის ქ.ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ა-იანსა და ფ. ა-იანს შორის ქორწინება გაუქმდა.
ს. ა-იანმა შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფინეთის ქ.ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ს. ა-იანის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტოლით დამოწმებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული ცნობის წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს ფინეთის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.
2010 წლის 29 ოქტომბერს ს. ა-იანმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ს. ა-იანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 15 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 15 ნოემბერს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ს. ა-იანს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ს. ა-იანის შუამდგომლობა ფინეთის ქ.ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. ა-იანმა და მოითხოვა ფინეთის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ს. ა-იანის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტოლით დამოწმებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული ცნობის წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს ფინეთის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.
2010 წლის 29 ოქტომბერს ს. ა-იანმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ს. ა-იანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 15 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 15 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათით უდავოდ დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება ს. ა-იანს ჩაბარდა 2010 წლის 15 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 16 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ნოემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ს. ა-იანის შუამდგომლობა ფინეთის ქ.ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-იანის შუამდგომლობა ფინეთის ქ.ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.