ა-1961-შ-47-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. გ-ძე
წარმომადგენელი _ ნ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ძე
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენი
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენით 1989 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
მ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ა-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ა-ძის შუამდგომლობა ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. გ-ძის შუამდგომლობა ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენით შეწყდა 1989 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 20 ივნისს, მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ძე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ და თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ა-ძის შუამდგომლობა ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ვაილბურგის საოლქო სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენი, რომლითაც შეწყდა 1989 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.