¹ა-1985-შ-68-09 26 მარტი, 2010წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი _ პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A. (წარმომადგენელი დ. კ-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (წარმომადგენელი დ. ბ-ი); საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (წარმომადგენელი ნ. წ-ძე); შპს სახელმწიფო კომპანია “ს.”
განხილვის საგანი _ დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A.-ის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა: ვალის ძირითადი თანხა _ 1 575 961 აშშ დოლარი; 1996 წლის 18 აპრილიდან 1999 წლის 16 მარტამდე პერიოდის პროცენტი _ 277 120 აშშ დოლარი; ვალის ძირითადი თანხის პროცენტი 1999 წლის 17 მარტიდან სრულ დაფარვამდე, განაკვეთით 5,00625%, ყოველდღიურად 216,15 აშშ დოლარი; მოსარჩელის მიერ იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი _ 250 785,92 ფუნტი სტერლინგი; მართვის ხარჯები და დანახარჯები _ 81 570 აშშ დოლარი; საარბიტრაჟო ხარჯი _ 52 270,50 ფუნტი სტერლინგი.
დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება ¹2005 FOLIO 600) დადასტურდა, რომ 1999 წლის 24 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მიერ პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A.-თვის გადახდილ უნდა იქნეს შემდეგი თანხები: 1 575 961 აშშ დოლარი; 277 120 აშშ დოლარი, როგორც პროცენტი 1996 წლის 18 აპრილიდან 1999 წლის 16 მარტამდე პერიოდზე; 34 584 აშშ დოლარი, როგორც შემდგომი პროცენტი ვალის ძირითად თანხაზე _ 1 575 961 აშშ დოლარზე _ 1999 წლის 17 მარტიდან 1994 წლის აგვისტომდე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღამდე), 160 დღეზე საპროცენტო განაკვეთით 5,00625%, რაც შეადგენს 216,15 აშშ დოლარს დღეში; 81 570 აშშ დოლარი _ მართვის ხარჯები და დანახარჯები; 250 785,92 ფუნტი სტერლინგი _ სასამართლო ხარჯები და გადასახადები; 52 270,50 ფუნტი სტერლინგი. ჯამში აღნიშნული თანხები შეადგენს 1 969 235 აშშ დოლარსა და 303 056,42 ფუნტ სტერლინგს.
2009 წლის 24 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პანამურმა კომპანია პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A.-მ (წარმომადგენელი დ. კ-შვილი), რომელმაც მოითხოვა დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ¹2005 FOLIO 600) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგენილ მოსაზრებაში შუამდგომლობა არ ცნო და განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და Pოლესტარ ჩომპანია Mარიტიმა შ.A.-ის შუამდგომლობის მოთხოვნა ეფუძნება ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებას. საარბიტრაჟო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა _ ათი წელი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადასტურებული პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A.-ის მოთხოვნა ამავე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არის ხანდაზმული _ ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2009 წლის 24 აგვისტოს, Pოლესტარ ჩომპანია Mარიტიმა შ.A.-მ კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა 2009 წლის 24 სექტემბერს. ამასთან, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციულ სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს და არ შეუმოწმებია ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას საკასაციო სასამართლოს მოთხოვნით პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A..-მ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ იგი არ მოითხოვს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, არამედ _ მხოლოდ დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შუამდგომლობის ავტორი არ მოითხოვს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რის შესაძლებლობასაც მას “უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენცია პირდაპირ აძლევს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს: “საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს”. ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ _ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება.
უცხო ქვეყნის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მოჰყვება იგივე სამართლებრივი შედეგი, რასაც აღნიშნული გდაწყვეტილება მის გამომტან ქვეყანაში ისახავს მიზნად.
ფორმალური ნიშნით დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ არსებითად აკმაყოფილებს თუ არა ცნობაუნარიანობის მოთხოვნას, ამისათვის საჭიროა, სწორად შეფასდეს, არსობრივად რა სახის გადაწყვეტილებას წარმოადგენს იგი და რა სამართლებრივი შედეგის დადგენას ისახავს მიზნად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობაში იღებს ინგლისის 1996 წლის საარბიტრაჟო აქტის 66(1)-66(3) მუხლების მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს შიდასახელმწიფოებრივ ურთიერთობებში არბიტრაჟის გადაწყვეტილებათა იძულებით აღსრულებას სასამართლოსგან ნებართვის მიღების გზით, ასევე, ამავე საარბიტრაჟო აქტის 66(4) მუხლის მოთხოვნას, რომ ნიუ-იორკის კონვენციის ფარგლებში არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებაზე არ ახდენს გავლენას 66(1)-66(3) მუხლებით დადგენილი დანაწესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება თავისი არსით წარმოადგენს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების ინგლისის ტერიტორიაზე იძულებით აღსასრულებლად მიქცევის მიზნით გამოტანილ გადაწყვეტილებას. იგი განკუთვნილია მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი აღსრულების მიზნებისთვის და იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია ინგლისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება თავისი არსით არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ინგლისის ტერიტორიაზე _ მას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოჰყვება. საქართველოში ცნობისა და აღსრულების ობიექტი შეიძლება იყოს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის ცნობისა და აღსრულების საკითხი შუამდგომლობის განხილვის საგანს არ წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. კ. P. ჩომპანია M. შ.A.-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის კომერციული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.