2004-შ-48-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ფ. გ-იჰი
წარმომადგენელი _ შ. ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. კ-იჩი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იჩის (ქ-ავასა) და ჯ. კ-იჩის განაცხადი დაკმაყოფილდა, 1995 წლის 7 აგვისტოს ვენს-ჰიცინგის სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება ¹784/1995 ჩაითვალა მოშლილად. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1999 წლის 1 დეკემბერს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ფ. გ-იჰის (ქ-ავას) წარმომადგენელმა ადვოკატმა შ. ნ-ძემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ნ. ფ. გ-იჰმა (ქ-ავა) 1995 წლის 7 აგვისტოს იქორწინა ჯ. კ-იჩზე და მიიღო მეულის გვარი _ კ-იჩი.
1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე მოხდა განქორწინება, რა დროსაც ნ. კ-იჩმა დაიბრუნა ქორწინებამდელი გვარი _ ქ-ავა, თუმცა მხარეს აღნიშნული ცვლილება არ დაურეგისტრირებია.
1999 წლის 16 დეკემბერს ნ. ქ-ავამ ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტის ¹1 ქორწინების სახლში იქორწინა გერმანიის მოქალაქე კ. ა. ფ. გ-იჰთან, მიიღო მეუღლის გვარი _ ფ. გ-იჰი. აღნიშნული ქორწინება კვლავ ძალაშია.
ნ. ფ. გ-იჰის პირველი მეუღლე ჯ. კ-იჩი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, აღნიშნული გადაწყვეტილება არავის გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ნ.ფ. გ-იჰს სურს პირველ ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვისათვის პასპორტის აღება, თუმცა ავსტრიაში გაცემულ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედად მითითებულია ნ.კ-იჩი, ნ.ფ. გ-იჰის განმეორებით ქორწინების მოწმობაში კი, მის გვარად მითითებულია ქ-ავა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვერ ადგენს არასრულწლოვანის დაბადების მოწმობაში დედად მითითებული ნ. კ-იჩისა და ნ. ქ-ავას იდენტურობას, შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ნ. ფ. გ-იჰის (ქ-ავას) წარმომადგენელ შ. ნ-ძის შუამდგომლობა ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო უმთავრესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.
დასახელებული ნორმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის იმპერატიულად ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას და აღნიშნული განისაზღვრება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლით.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ფ. გ-იჰის წარმომადგენელ შ. ნ-ძის მიერ შემოტანილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 1999 წლის 1 დეკემბერს, შუამდგომლობის ავტორმა კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართა 2010 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალურ ვადას.
დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოდგენილია ასევე სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორს ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მოუთხოვია კანონის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. მან უზენაეს სასამართლოში ასეთი შუამდგომლობა წარმოადგინა მხოლოდ 2010 წლის 1 სექტემბერს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ _ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებას (კანონიერ ძალაში შევიდა 1999 წლის 1 დეკემბერს) საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ფ. გ-იჰის წარმომადგენელ შ. ნ-ძის შუამდგომლობა ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესხებ ხანდაზმულია, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით, 142-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ფ. გ-იჰის წარმომადგენელ შ. ნ-ძის შუამდგომლობა ფიუნფჰაუზის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.