ა-2009-შ-49-2010 11 ოქტომბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ მა. ქ-ია
განხილვის საგანი _ გერმანიის ადგილობრივი და საოჯახო საქმეების განმხილველი დიუსელდორფის სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 261 F 403/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ადგილობრივი და საოჯახო საქმეების განმხილველი დიუსელდორფის სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 261 F 403/09) დიუსელდორფის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მხარეებს (მა. ქ-ია და მ. ქ-ია) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹1630/2004) შეწყდა და მხარეები განქორწინდნენ.
განქორწინების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა მ. ქ-იამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-იას შუამდგომლობა გერმანიის ადგილობრივი და საოჯახო საქმეების განმხილველი დიუსელდორფის სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 261 F 403/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ქ-იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ადგილობრივი და საოჯახო საქმეების განმხილველი დიუსელდორფის სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ¹261 F 403/09) დიუსელდორფის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹1630/2004) შეწყდა და მხარეები განქორწინდნენ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
ამდენად, საქმის მასალების თანახმად, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ადგილობრივი და საოჯახო საქმეების განმხილველი დიუსელდორფის სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 261 F 403/09), რომელიც შეეხება მხარეთა განქორწინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის ადგილობრივი და საოჯახო საქმეების განმხილველი დიუსელდორფის სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 261 F 403/09), რომლითაც დიუსელდორფის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მხარეებს (მა. ქ-ია და მ. ქ-ია) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹1630/2004) შეწყდა და მხარეები განქორწინდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.